“მე დავიწყე კონკრეტული რეფორმირება ამ კუთხით, მაგრამ წარსული საქმიანობის შესწავლა დამოკიდებული იქნება სამართალდამცავი უწყებების აქტიურობაზე,” _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამხედრო პოლიციას, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ბაჩო ახალაიას სადამსჯელო რაზმს წარმოადგენდა, არა ერთი ადამიანი ამხელს ცემასა და წამებაში; სწორედ თავდაცვის სამინისტროს ამ დეპარტამენტს უკავშირდება სერგო თეთრაძის გახმაურებული მკვლელობა. მოწმეების თქმით, თეთრაძე სახლიდან სამხედრო პოლიციამ გაიყვანა და მათვე შემოაკვდათ წამების დროს.
კურსდამთავრებულ ოფიცრებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უწყების დაფინანსების საკითხსაც შეეხო. მან იმედი გამოთქვა, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, სამინისტროს მოთხოვნები სრულად იქნება გათვალისწინებული.
“ჯერჯერობით ბიუჯეტი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე, ჩვენი საფინანსო სამსახურები აქტიურად მუშაობენ ფინანსთა სამინისტროსთან და შესაბამის კომიტეტებთან პარლამენტში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ესაჭიროება ადეკვატური დაფინანსება იმისთვის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის დაცვა და საბრძოლო მზადყოფნა იყოს ამაღლებული. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში სრულად იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნა,” _ განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, 113-მილიონიანი გარღვევის და აქედან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ვინმეს პასუხისმგებლობაში მიცემა, გარდა სამართალდამცავი სტრუქტურებისა.
“კონკრეტულ კანონდარღვევებს შეისწავლიან კონკრეტული სამართალდამცავი სტურქტურები; ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას და ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება ძალიან მალე გახდება დამოუკიდებელი. აქედან გამომდინარე, არც ერთი მინისტრის ან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის, ვინ მიეცემა პასუხისგებაში და ვინ – არა. ეს არის მართლმსაჯულების საქმე,” _ განაცხადა ალასანიამ.

































































