“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ ჩანტლაძემ და სამივე რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსებმა, ასევე მოადგილეებმა დღეს დაწერეს განცხადებები, მაგრამ ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” არც ერთი მათგანი ადასტურებს.
“გურია ნიუსი” გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გურამ ჩანტლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია თანამდებობის დატოვების შესახებ არ დაადასტურა.
როგორც ამბობენ, ჩანტლაძეს ლობირებას “ქართული ოცნების” ლიდერები უწევენ, რადგან წინასაარჩევნოდ, გურიაში, პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ჩანტლაძე გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე ბაჩო ახალაიამ დანიშნა, მანამდე ის კუდ-ის გურიის სამმართველოს უფროსი იყო.
_ ეს არის ჭორი. არანაირი განცხადება არ დამიწერია. ვმუშაობ ჩვეულებრივ რეჟიმში, _ განაცხადა გურამ ჩანტლაძემ “გურია ნიუსთან”.
_ ბატონო გურამ, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ, შესაძლოა, დარჩეთ პოსტზე ან აჭარაში გადაგიყვანონ.
_ ჩემს თანამდებობრივ მდგომარეობას მხოლოდ შს მინისტრი გადაწყვეტს. ვერ გეტყვით, რა იქნება _ დავრჩები თუ სადმე გადავალ. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობ, ჩემთვის ჯერ არაფერი არ არის ცნობილი.
_ ამბობენ, თქვენი პოსტზე დატოვება, გარკვეულწილად, “ქართული ოცნების” ადგილობრივი ლიდერების მხრიდან დადებით “რეკომენდაციებს” უკავშირდება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, გურიის პოლიცია პოლიტიკურ მოვლენებში არ ჩარეულა…
_ რაც შეეხება პოლიციაში რაიმე გადამეტებულ ქმედებას, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას; უფლებამოსილების გადამეტების უფლება არც ერთ პოლიციელს არ აქვს. იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე ჩემს კანდიდატურას ლობირებს, ან თუ რომელიმე პარტია ან ცალკეული სუბიექტი სიმპათიით არის ჩემდამი და ჩემი სამსახურის მიმართ, დიდი მადლობელი ვარ.
_ რას გვეტყვით არჩევნების დღეს გურიაში სპეცრაზმის შემოსვლასთან დაკავშირებით?
_ იყო თუ არა გურიაში სპეცრაზმი? ამის აუცილებლობა ნამდვილად არ იყო _ გურიაში არჩევნებმა სტაბილურად ჩაირა და სამართლიანად ჩატარდა, ზედმეტი დარღვევის და ექსცესების გარეშე. პოლიციას კი შესწევს იმის ძალა და უნარი, რაიმე ექსცესების დროს ზომები თავად მიიღოს.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ზვიად სვანიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და მას განცხადება დაწერილი არ აქვს: _ მსგავსი არაფერი ყოფილა, არც ჩემს მოადგილეებს დაუწერიათ განცხადებები, _ ამბობს სვანიძე.
ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსი ირაკლი შავიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ მას განცხადება ცხოვრებაში არ აქვს დანაწერი: _ რისი განცხადება უნდა დამეწერა? ცხოვრებაში არ მაქვს განცხადება დაწერილი.
_ დაწერეთ თუ არა დღეს განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ?
_ არ მაქვს დანაწერი, საერთოდ… განცხადების წერა არ ვიცი.
ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსი ტატო ვასაძე აცხადებს, რომ განცხადება არ დაუწერია.
_ არ დამიწერია. ჩემი გადასაწყვეტი არაა. თუ მეტყვიან დავწერ, თუ არა _ ვიქნები, _ გვითხრა ვასაძემ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელს სალომე მახარაძეს, რომელმაც თავდაპირველად ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა და განაცხადა, რომ გურიის თემა ჯერჯერობით მისთვის უცნობი იყო.
_ არ ვიცი ზუსტად, დღეს უნდა გადაწყვეტილიყო კონკრეტულად, ვინ და სად დაინიშნება. მოდით, ერთ საათში დამირეკეთ და ზუსტად მეცოდინება ყველაფერი.
რამდენიმე საათის შემდეგ, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, სალომე მახარაძემ სატელეფონო აზრებს აღარ უპასუხა.