როგორ შეხვდნენ ახალ წელს საგანგებო სამსახურებში, რა გადახდათ თავს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს, იყო თუ არა სიმშვიდე სახანძრო სამსახურში და რა რეჟიმში ელოდნენ 1 იანვრის დადგომას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ავთო ვაშალომიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ: _ ვინაიდან, ძალიან ჭირდა სატელეფონო კავშირი, შემოვლას აწარმოებდნენ: “ახალი წელი შემოვლის რეჟიმში გავატარეთ. მშვიდობიანი ვითარება იყო, საბედნიეროდ, არ მომხდარა ავარია და არ ყოფილა კრიტიკული სიტუაცია. 31 დეკემბერს გამოძახება იყო 17 საათსა და 35 წუთზე _ ოზურგეთის კულტურის ცენტრში ერთი ოთახი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია. მომხდარს პოლიცია იძიებს, _ გვითხრა ავთო ვაშალომიძემ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ნანა გოლიაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ახალი წლის ღამემ, ზოგადად, მშვიდობიანად ჩაიარა: _ ჩვეულებრივ, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებოდით. გვქონდა სრული მობილიზაცია და მზადყოფნა გამოძახებისთვის. სადღესასწაულო დღეებში სულ 45 გამოძახება დაფიქსირდა. ძირითადად, შეიმჩნეოდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციები, ჰიპერტონული კრიზისები და ტრავმები, იყო შემთხვევა, ბახუსში მყოფი მოქალაქე აივნიდან გადმოვარდა. მეორე მოქალაქეც, იგივე მიზეზით, სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, ორივე გადარჩა. ახალი წლის დადგომას სამუშაო ვითარებაში, ქუჩაში შეხვდნენ ექიმების ქეთევან თავართქილაძის, შურა ჭანტურიას, ვასილ გოგიტაურის და ლალო გაგუას ბრიგადები, _ გვითხრა ნანა გოლიაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, როგორც ყოველთვის, 1 იანვრის დადგომას საგანგებო რეჟიმში შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გამოძახება ამ ღამეს მათ სამსახურში არ აღნიშნულა.
ჩვენ “გამჭვირვალე” პოლიციაში იმ მიზეზით არ დავრეკეთ, რომ ისევ გვეტყოდნენ, გვენეტაძეს დაუკავშირდითო, გვენეტაძე გვეტყოდა, 2012 წლის 1 იანვარს დარეკეთო, ტელეფონს კი არც მაშინ უპასუხებდა.
თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მაღალჩინოსანმა სამართალდამცავებმა ახალი წლის დადგომა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რესტორან “ქალაქურში” აღნიშნეს. მანამდე თანამშრომლებს ძვირადღირებული საჩუქრები მიართვეს, ახალი წლის დადგომა კი ფეიერვერკებით მიულოცეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved