“ამ საკითხთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ ჩემი პოზიცია გაიზიარა და განაცხადა, რომ არც ის არ მიიღებს მონაწილეობას ამ ათეულის დაკომპლექტებაში. ლუკა კურტანიძე პრაქტიკულად პოლიტიკოსია, მაგრამ, ბედნიერი ვარ იმით, რაც გუშინ თქვა _ “შეწუხებული ვარ, როცა მეუბნებიან, შენ უნდა იყო პარლამენტში და ნინო ბურჯანაძე არაო”. ვისაც როგორ არ უნდა მოგწონდეთ ნინო ბურჯანაძე, ის პოლიტიკოსია და თუ რომელიმე პოლიტიკოსი უნდა იყოს პარლამენტში, უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე. როცა არ გინდა ნინო ბურჯანაძე იყოს პარლამენტში, ეს არ უნდა ხელისუფლებას. არა მარტო ხელისუფლებას, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც. როდესაც გინდა ფეხბურთელი იყოს პარლამენტში და პოლიტიკოსი _ არა, ეს არის საქართველოზე ფიქრი?” _ განაცხადა შაშიაშვილმა
სახალხო კრება და მასში შემავალი პარტიები ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებასა და პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ. “მე თუ ვიქნები ამ პოლიტიკურ ძალაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუპირისპირდე ივანიშვილს, რადგან ივანიშვილი არის ქართული შანსი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილის კოალიციიდან, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი შევიდეს პარლამენტში. ქუჩა-ქუჩა ვივლი და ხალხს ვეტყვი, _ ბიძინა ივანიშვილი არის შანსი და დაუჭირეთ მხარი,-მეთქი. ჩვენი პოლიტიკური ძალა არ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, მის პრეზიდენტობას, პრემიერ-მინისტრობასაც და პარლამენტის თავმჯდომარეობასაც დაუჭერს მხარს. არასდროს დავუპირისპირდებით, რადგან ქართველი კაცია ქართული განწყობით. მაგრამ, შევეცდებით, რომ მისი პოლიტიკური ძალა ნაკლები შევიდეს პარლამენტში” _ აღნიშნა შაშიაშვილმა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს იმიტომ არ უნდა ბურჯანაძესთან შეხვედრა, რომ კოალიციაში შემავალი რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშაა?, _ თემურ შაშიაშვილმა განაცხადა:
_ დღეს ივანიშვილს ეშინია, არ მიაკერონ რუსული “იარლიყი” ამერიკელების თვალში. ხელისუფლებამ შეძლო ამერიკელები დაერწმუნებინა, რომ ნინო ბურჯანaძე არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი. ეს ისეთი სიცრუეა და სისულელეა, რომ ამაზე განმარტების გაკეთებაც არ მინდა. ხელისუფლება ცდილობს, დააკავშიროს ნინო ბურჯანაძე და ივანიშვილი და ამერიკელებს უთხრას _ აი, ხედავთ ნინო ბურჯანაძე რუსულია, ახლა კი ერთად არიან და ივანიშვილიც რუსული პროექტიაო”.