როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ჯერ იყო და გამგებელს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოუცხადა საყვედური ოზურგეთის აქციაზე ლანჩხუთელთა დიდი რაოდენობის დასწრების გამო. გავრცელდა ხმა, რომ იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა, მაგრამ ამის უფლება ზემოდან არ მისცეს. გოგუაძეს კონკრეტული პარტიული დავალებაც განუსაზღვრეს _ საარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მაქსიმალური რაოდენობის ხმების მოგროვება, _ ამტკიცებს წყარო, რომელიც ამბობს, რომ გამგებელმა მეორე საყვედური ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ყაველაშვილის ჩავარდნილი ვიზიტის გამო მიიღო _ ახალბედა პოლიტიკოსის მცდელობა, მთავრობის სასარგებლოდ ემუშავა ამომრჩეველზე, ისეთი წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ არც ერთმა ნაციონალურმა არხმა არ გააშუქა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების გვიმბალაურის, ჩიბათის და ჩოჩხათის მოსახლეობა ყაველაშვილს ძალიან აგრესიულად შეხვდა. მაშინ გიორგი გოგუაძეს ნერვებმა უმტყუნა და შეხვედრა სასწრაფოდ დატოვა, მეორე დღეს კი თავისი სისუსტე იმით გაამართლა, რომ გამგეობის აპარატის თანამშრომლები დასაჯა _ ისინი დროებით გაათავისუფლა სამსახურიდან და მოითხოვა, თითოეულ მათგანს პრობლემების ნუსხა მოეტანა გამგეობაში, რაც მოსახლეობას აწუხებს.
ხალხზე ზრუნვით შენიღბული ქმედება, სინამდვილეში ძალზე ჰგავს მთავრობის სავარაუდო მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა გამოვლენის მცდელობას: _ როგორ გადავწყვეტ ამ პრობლემებს, ეს უკვე ჩემი საქმეაო, _ აცხადებს გამგებელი.