_ კორნელი კუკულავას ტელეფონით იმის გასარკვევად დავუკავშირდი, თუ რატომ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც 17 ივნისს, ოზურგეთში აქციაზე იმყოფებოდნენ იმით, რომ კონკრეტულად სახლებთან გარე განათება არ კეთდება. იმის ნაცვლად, რომ დეპუტატს სიტუაცია აეხსნა, შეტევაზე გადმოვიდა და ბოლოს მუქარაც არ დაიშურა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატი კუკულავა იმის გამოა განაწყენებული, რომ ჩემი მეუღლე და მამამთილი, მისივე თქმით, აქციაზე “დროშებს აფრიალებდნენ.” კუკულავას ისიც სწყინს, რომ ჩემი შვილები დაგებული გზის და გაკეთებული განათების გამო, ქუჩაში ტაშის დასაკრავად არ გამომყავს და არ ავიწყდება იმის შეხსენება, რომ ჩემი მეუღლეც და მამამთილიც მუშაობენ, მერე რა, რომ კერძო სექტორში. დეპუტატი უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ჩემზე გარკვეული კომპრომატები აქვს, რომელიც “შენახულია” და რომელსაც აუცილებლად დადებს, იმისთვის, რომ ანგარიში გამისწოროს. სიმართლე გითხრათ, ჩემზე არსებული კომპრომატები “ნაცნობი სიმღერაა” და ნამდვილად არ მეშინია იმის, რომ ჩემს მეუღლეს და მამამთილს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს არ იქნება ტრაგედია. ტრაგედია ის არის, რომ პარლამენტის დეპუტატი ჟურნალისტს ანგარიშსწორებით ემუქრება. სხვათაშორის, ჩანაწერში ისიც კარგად ისმის, რომ ბევრ რამეს კუკულავა დეპუტატობის გამო არ ამბობს და არ აკეთებს, _ ამბობს ნატო გოგელია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved