როგორც პატიმრის დედა, ცირა გოდერძიშვილი ამბობს, ოქროპირიძე #17 დაწესებულებაში მშრალ შიმშილობაზე 19 სექტემბრის შემდეგ იმყოფება.
ყოფილი წყალბურთელი, გიორგი ოქროპირიძე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულად ცნო, 25 სექტემბერს, მძიმე მდგომარეობაში ”ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.
დედის ინფორმაციით, მას აქვს არა ერთი მძიმე დაავადება _ ც ჰეპატიტის ფიბროზის მეორე სტადია, პლევრიტი, გასტრიტი, ბულბიტი, თიაქარი, წამების შემდგომ დაუდგინდა ”პოსტტრავმული სტრესული აშლილობა”.
პატიმარი სასჯელაღსრულების მინისტრის მონახულებას, პროკურატურის მიერ სწრაფ რეაგირებას, საკუთარი საქმის გადახედვას და მის წამებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
ოქროპირიძე იმ ადამიანების ვინაობასაც ასახელებს, რომლებიც მას აწამებდნენ: _ გ. ავსაჯანიშვილის, ა. თოლორდავას, ზ. ბულბულაშვილის, მახოს და სხვათა დასჯას ვითხოვთ. სტრასბურგის სასამართლომ ამ საკითხში დაზარალებულად ცნო ჩემი შვილი. სწორედ იმის გამო აწამეს, რომ სტრასბურგიდან საჩივარი გამოეტანა. ც ჰეპატიტზე დასნებოვნების და სამედიცინო ჩანაწერების გაყალბების გამო არავინ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ამ საკითხშიც დაზარალებულად ცნო გიორგი, _ ამბობს ოქროპირიძის დედა.
მისივე ინფორმაციით პატიმარს ადეკვატური მკურნალობა სჭირდება ინფექციურ საავადმყოფოში.
_ დამეხმარეთ დავიცვა ერთადერთი შვილის სიცოცხლე, დამეხმარეთ, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! _ ამბობს ცირა გოდერძიშვილი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის და სხვა უფლებადამცველთა იმედი აქვს.
23 წლის პატიმრის დედა იხვეწება, რომ ოქროპირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის ვადაზე ადრე გაათავისუფლონ და დადგინეს სიმართლე, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია.