დღეს, თბილისში, დინამოს სტადიონზე “ნაციონალური მოძრაობის” გრანდიოზული ფინალური შეკრება იგეგმება. ლანჩხუთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, საყოველთაო სამთავრობო მობილიზაციაა გამოცხადებული. ყველა საჯარო სამსახურში გამგეობიდან გადაიგზავნა იმ მოხელეების სია, რომლებიც თბილისში უნდა წაეყვანათ. ამ სიაში მოხვდნენ: კულტურის ცენტრის, რესურსცენტრის, სპორტული სკოლის, საჯარო სკოლების, ბიბლიოთეკის, ქალაქის მერიის, წყლის კომანიის, ჯანდაცვის ცენტრის და სხვა სამთავრობო დაწესებულებებისა და ააიპ-იების თანამშრომლები.
საჯარო მოხელეთა მცირე ნაწილმა პროტესტი გამოუცხადა პოლიტიკურ აქციებზე ძალდატანებით წაყვანის მცდელობას.
დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში მივიდნენ და პროტესტი ღიად დააფიქსირეს მერაბ თურქიამ და მარინა გოგუაძემ. თურქია კარატეს რაიონული ფედერაციის ხელმძღვანელი და ცნობილი მწვრთნელია ლანჩხუთში. იგი ერთდროულად სპორტსკოლის და კულტურის ცენტრის თანამშრომელია. ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის ლანჩხუთის კულტურის ცენტრში. მერაბ თურქია ამბობს, რომ ასეთი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ატანა უკვე შეუძლებელია და საჯარო მოხელეებში მკვეთრად ზრდის საპროტესტო განწყობას.
მარინა გოგუაძე სახელმწიფოს მიერ შექმნილი აიპ-ის “ჯანდაცვის ცენტრის” თანამშრომელია. იგი არ აპირებს სამსახურის დატოვებას, უბრალოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საჯარო მოხელეების მისამართით სახელმწიფოს დამოკიდებულება. იგი თავს იკავებს პოლიტიკური ხასიათის განცხადებების გაკეთებისგან და ამბობს, რომ მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ არც თანამშრომლებისთვის უცნობებია.