ჩვენ გვატყობინებენ, რომ ფინანსურად მოტივირებული ჯგუფები, ალექსანდრე ყველაშვილის სასარგებლოდ, ხელწერების შეგროვებისას, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს, ის მხარდაჭერილია საქართველოს რესპუბლიკური პარტიიდან და „ქართული ოცნებიდან“. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული ჯგუფების წარმომადგენლები ბოლო დრომდე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები (კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, ავტ.), ხოლო გავლილი საპარლამენტო არჩევნებისას მათი საქმიანობა, ჩვენს მიერ შეიძლება შეფასდეს, როგორც ორმაგი თამაში.
_ ამასთან დაკავშირებით, შემიძლია, ვთქვა, რომ მართალია, ბატონი ალექსანდრე ყველაშვილი, როგორც გავიგე „რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის წევრია, მაგრამ მისი, როგორც პარტიის წევრის, გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე წარდგენის კამპანიის ჩატარების საკითხი არ განხილულა პარტიაში, არ არის მისგან მხარდაჭერილი და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ა. ყველაშვილის კერძო ინიციატივას.
პირიქით, ხელმოწერების კამპანიის ზემოთ აღნიშნულ მომენტებს ვაფასებ, როგორც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პროვოცირებულს „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული ჯგუფების მხრიდან, _ გვითხრა ჩვენთან საუბრის დროს ტიფო მიქატაძემ.
მისივე თქმით, იმედია, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებიც დააფიქსირებენ თავის პოზიციებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
_ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია, ჩაერთოს პოლიტიკაში და იბრძოლოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობებისთვის, მაგრამ როცა თავიდანვე სიცრუისა და სიყალბის თუნდაც მცირე დოზაა გარეული იმ საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ვისაც მხარდაჭერას თხოვ, არა მგონი გამჭრიახი, გონივრული და ზნეობრივი გამართლებული ქცევა იყოს. მითუმეტეს, როცა ვსაუბრობთ იმ საზოგადოებაზე, გურიის მოსახლეობაზე, რომელმაც სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, არჩევნებისას დაამტკიცა თავისი სიფხიზლე, სიჯანსაღე, ღირსება. ამიტომ, ეს საზოგადოება ადექვატურ დამოკიდებულებასა და პატივმიგებას იმსახურებს. სხვაგვარ ქცევას ის არავის აპატიებს.
ძალიან კარგია, როცა ადამიანებისგან ამბიციისა და ბრძოლის დიდი ჟინი ჩანს, მითუმეტეს, თანაპარტიელისგან, მაგრამ ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად ასეთ შეკითხვებს ვისმენ (მათ შორის უპირველეს ყოვლისა, ოზურგეთელი თანაპარტიელებისგან) – ვინ არიან, რა უნდათ და აქამდე სად იყვნენ? ეს არ არის შემთხვევითი კითხვები და არ ეხება მხოლოდ ბატონ ა.ყველაშვილს და მის ჯგუფს. ბევრი გვინახავს, ვისაც ხელისუფლებების ცვლილების მოლოდინში და მითუმეტეს ახალი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ გული რომ უჩუყდებათ ოზურგეთსა და ოზურგეთელობაზე. საზოგადოება შეიძლება მართლაც ასე ფიქრობს, მაგრამ ჩემთვის პირადად, ეს არ არის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელი. ვთვლი, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები მოახდინონ თავისი პოლიტიკური ამბიციების რეალიზაცია. ვიმედოვნებ, რომ ეს ნამდვილად მოხდება მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, როცა ყველას მიეცემა უფლება კენჭი იყაროს სწორედ არჩევით თანამდებობებზე და გამოამჟღავნოს საზოგადოების მხრიდან მისდამი მხარდაჭერის ხარისხი, _ ამბობს ტიფო მიქატაძე.