იმედაშვილის თქმით, ეს პირადი გადაწყვეტილება იყო, რომელიც დამატებით კომენტარებს არ საჭიროებს.ეს პირველი საკადრო ცვლილებაა, რომელიც ჩოხატაურში არჩევნების შემდეგ გახორციელდა.
ლელა იმედაშვილს კოალიცია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის ერთ-ერთი .ლიდერი, თამაზ ჯინჭარაძე რამდენიმე დღეში ჩაანაცვლებს. თუმცა, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ ეს დანიშვნა დროებითი იქნება:
_ თამაზ ჯინჭარაძე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება. რაც შეეხება უშუალოდ გამგებელს, ამისთვის კონკურსი უნდა გამოცხადდეს, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჭკუასელმა.
_ ბატონო თემურ, არ გამორიცხავთ, რომ კონკურსის შემდეგ სხვა იქნება გამგებელი?
_ არა. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.
_ ანუ, თამაზ ჯინჭარაძე დროებით ინიშნება?
_ ეს თავად თამაზზეა დამოკიდებული, _ დასძინა დეპუტატმა.
ჩვენი ინფორმაციით, ჯინჭარაძის დანიშვნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება. მის პირველ მოადგილედ “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ახობაძე დაინიშნება. მეორე მოადგილის კანდიდატურა კი ჯერ დაზუსტებული არ არის:
_ მეორე მოადგილის კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ მყავს. ვფიქრობ და ამიტომ კონკრეტული გვარის დასახელება არ იქნება მართებული, _ გვითხრა თამაზ ჯინჭარაძემ, რომელმაც სხვა საკადრო ცვლილებების დაკონკრეტებისგანაც შეიკავა თავი.
თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ცვლილებები გამგეობის სამსახურების უფროსებს და რამდენიმე აიპ-ის ხელმძღვანელს შეეხება.
რაც შეეხება საკრებულოს, მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, ამ ეტაპზე ცვლილებები აქ არ იგეგმება. ჭკუასელი ამბობს, რომ ის კანონმორჩილი ადამიანია და საკრებულოს მუშაობაში ვერ ჩაერევა. მისივე თქმით, უნდათ თუ არა “ნაციონალი” საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე, ეს დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ. ჩვენთან პირად საუბრებში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ ანტონ ხუნდაძის წასვლის შესახებ იმსჯელებენ. თავად ხუნდაძე კი არსად წასვლას არ აპირებს:
_ ბატონო ანტონ, გამგებელი უკვე წავიდა. თქვენ რას აპირებთ. მიდიხართ თუ რჩებით?
_ რა შეკითხვაა ეს?!
_ რაიმე ვერ გაიგეთ ჩემს კითხვაში?
_ რატომ უნდა გადავდგე?
_ გეკითხებით, რას აპირებთ. მით უმეტეს, რომ 30-კაციან საკრებულოში, რომლის უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ “ნაციონალები” იყვნენ, 4 კაცი დარჩით პარტიაში...
_ რა შუაშია, ვინ დარჩა და ვინ არ დარჩა. არსებობს კანონმდებლობა და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც განსაზღვრულია.
_ წასვლის სურვილი გაქვთ თუ კოჰაბიტაციის რეჟიმში შეძლებთ მუშაობას?
_ რა შუაშია კოჰაბიტაცია. მე ვარ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე. კანონით რაც მევალება, იმის შესაბამისად გავაგრძელებ მუშაობას.
_ დარწმუნებული ხართ, რომ თამაზ ჯინჭარაძესთან მუშაობას კარგად შეძლებთ?
_ რა შუაშია. მე გეუბნებით, რომ ყველაფერი მოხდება ისე, როგორც ეს კანონში წერია, _ დაგვიზუსტა ხუნდაძემ.