როგორც გვაცნობეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა შეხვდნენ.
_მითხრეს, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე სახლში მიუვარდა ნესტორ რამიშვილს. ჩემი ინფორმაციით, რამიშვილი მას დასაქმებას სთხოვდა, წასულა საქმის გარჩევა, ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, როგორც ვიცი, იარაღიც გამოიყენეს. კოტემ ნესტორს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყა. ადამიანი ცუდადაა, წევს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, _აცხადებს “გურია ნიუსთან” წყარო.
_გურია ნიუსი” დაუკავშირდა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრს, ნესტორ რამიშვილს, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.
_ბატონო ნესტორ, როგორც გავიგეთ, თქვენსა და გამგებელს შორის წუხელ ინციდენტი მოხდა.
_არაფერი ვიცი.
_ ბატონო ნესტორ, თქვენს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა? როგორც ვიცით, იარაღიც იყო გამოყენებული…
_ არ არის სიმართლე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
_ ნამდვილად არ მომხდარა მსგავსი რამ. მე იმდენად შეჩვეული ვარ ჭორებს, რომ არ მიკვირს, შესაძლოა, ესეც ჩემს მიმართ მორიგი პროვოკაციაა.
_ბატონო კოტე, ჩვენი წყარო ამბობს, რომ თქვენ მას იარაღის კონდახით თავი გაუტეხეთ. .
_არ არის სიმართლე და ძალიან გთხოვთ, იარაღს ნუ ახსენებთ, უბრალოდ, სირცხვილია, -გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ზაზა პეტრიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ შესულა.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჭანუყვაძემ კი განგვიცხადა, რომ თათბირზე იყო და ვერ გვესაუბრებოდა.
“გურია ნიუსი” ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.