„ანატომიაში“ ძასოხოვის ბევრ სხვა აქტივთან ერთად შპს „ლოგოსის“ და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ შესახებაც იყო საუბარი. საინტერესოა, რომ ეს კომპანიები დღეს ბიზნესმენ გიორგი ისაკაძის სახელთან არის ასოცირებული.
გიორგი ისაკაძე გასული წლის 27 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურების მიერ სწორედ შპს „ლოგოსის“ და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ საქმიანობის შესახებ დაიკითხა, საუბარია „ქართუ ბანკი“-ს წინააღმდეგ განხორციელებულ სქემაში მონაწილეობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაკითხა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, აღსრულების სამსახურის ყოფილი უფროსი და ძველი თბილისის რაიონის დღევანდელი გამგებელი ნიკა მელია, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროს ჯაბა ებანოიძესთან ერთად, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.
“ქართუ ბანკის” წინააღმდეგ განხორციელებულ სქემაში, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით ორგანიზებას ზურაბ ადეიშვილი უწევდა, 13 ბიზნესჯგუფი მონაწილეობდა, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში შესვლით ბანკი 135 მილიონი ლარით აზარალეს. „გურია ნიუსმა“ უკვე გაშუქა ამ სქემაში ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მონაწილეობის შესახებ. ამჯერად კი მოვიპოვეთ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც გიორგი ისაკაძეს ეხება.
შპს „ლოგოსის“ და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ დამფუძნებელს “ქართუ ბანკი” დაახლოებით 13 მილიონ ლარს ედავება. გიორგი ისაკაძის კომპანიებს „ქართუ ბანკი“-დან 5.5 მილიონი დოლარის სესხი აქვთ აღებული, დანარჩენი თანხები კი ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტი და საურავებია. 2011 წლის ბოლოს საგადასახადო ორგანოებმა შპს „ლოგოსის“ და ამხანაგობა „თეთრი სახლის“ მთელი ქონება, სახელმწიფოს წინაშე არსებული დახლოებით 5 მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიტანეს და ამ ქონების აუქციონზე გაყიდვა სცადა. თუმცა, ქონება აუქციონზე არ გაიყიდა, რის შემდეგაც ქონება თბილისის მერიის ბალანსზე გადავიდა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გიორგი ისაკაძის შემთხვევა „ქართუ ბანკი“-ს წინააღმდეგ მოქმედი სხვა კომპანიებისგან რადიკალურად არის განსხვავებული. სქემის თანახმად ბანკის წინაშე დავალიანების მქონე კომპანიებს, „ქართუ“-ში დაგირავებული ქონება ჩამოართვეს და შემდეგ სხვადასხვა გზებით უკან დაუბრუნეს, რითაც ბანკის მიერ გაცემული სესხები უზრუნველყოფის გარეშე დარჩა. თუმცა, გიორგი ისაკაძის შემთხვევაში ასე არ მომხდარა, მართალია “ქართუ ბანკის” სესხი ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფის გარეშე დატოვეს, მაგრამ ქონება ყოფილი მეპატრონისთვის არავის დაუბრუნებია. სხვა ყველა შემთხვევაში სახელმწიფომ სქემაში მონაწილე კომპანიებს ქონება პირდაპირი თუ ირიბი გზით დაუბრუნა.
„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა გიორგი ისაკაძის საქმის კიდევ ერთი დეტალი. „ქართუ“-დან მიღებული 5.5 მილიონიანი კრედიტიდან ისაკაძის კომპანიებზე სამშენებლო მიზნებისთვის მხოლოდ 2 მილიონია გაცემული, ხოლო 3.5 მილიონი დოლარი, მისი რეალური მფლობელების სხვა კომპანიების ვალდებულებები იყო, რომელიც ისაკაძის შპს „ლოგოს“-ზე და ამხანაგობა „თეთრ სახლზე“ კრედიტის გაცემისას გადაფორმდა. გიორგი ისაკაძემ ჯოზეფ ქეის მიერ აღებული ვალდებულები, სავარაუდოდ, იმდროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო გადაიბარა. ეს გარიგება, მისაღები უნდა ყოფილიყო “ქართუ ბანკისთვისაც”, ვინაიდან “ნაცმოძრაობის” ფავორიტი, ოდიოზური ჯოზეფ ქეის ნაცვლდ, საქმე რეალური აქტივების მქონე კომპანიასთან ექნებოდა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ ამ ინფორმაციას გიორგი ისაკაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს.
_ ბატონო გიორგი, როგორც გავიგეთ “ქართუ ბანკიდან” აღებული სესხის ნაწილი, უფრო დაზუსტებით კი 3,5 მილიონი დოლარი, ჯოზეფ ქეის მიერ აღებული სესხი იყო, რომელიც მოგვიანებით თქვენ გადაიბარეთ… რატომ აიღეთ ქეის მიერ აღებული ვალის გასტუმრების ვალდებულება?
_ ძალიან სიღრმეში ჩასულხართ უკვე. მთელი ჩემი პატივისცემის, როგორც პირადი და ასევე თქვენი მართლა ტელე საიტის მიმართ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით სულ ცოტა დრო დარჩა გამოძიების დასრულებამდე და ჩემს პირდაპირ ინტერესში შედის, რომ მთელი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვამჟღავნო საზოგადოების წინაშე, რასაც აუცილებლად ვიზამ. მანამდე კი ვერც ვადასტურებ და ვერც ვუარყობ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და აშკარად არ იქნება ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება მართებული, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ისაკაძემ.
“ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი, ნოდარ ჯავახიშვილი კი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას არ გააჩნია:
_ ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს და ნამდვილად არ ვიცი ეს საკითხი, თუმცა ამას არ პრინციპული მნიშვნელობა არა მგონია ჰქონდეს, _ გვითხრა ჯავახიშვილმა.