ზაზა ურუშაძე: “რადგან “ცხელი ძაღლის” მეოთხე ნაწილი არ გასულა და მეხუთე ნაწილის გადაღებაზე უარი ვთქვი, მეხუთე ნაწილი გადაიღო ერეკლე ბადურაშვილმა. ვითომ ეს მეოთხე ნაწილი არ არსებობდა, ისე გააქრეს. მეოთხე ნაწილის 12 სერია არის გადაღებული, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის არაოფიციალურ ვერსიას. ჩვენ არ გვქონდა არანაირი ჩანაფიქრი, რომ ამას რამე პოლიტიკური სახე ჰქონოდა. უბრალოდ, საინტერესო იყო კომერციულად, ძალიან საინტერესო თემა იყო და გავაკეთე ეს ყველაფერი. 2007 წელს მოხდა ფილმის დასრულება, სწორედ ამ წელს მოხდა 7 ნოემბრის შემზარავი დარბევა, შემდეგ ტელეკომპანია “იმედშიც” შეიჭრნენ და საშინელი ამბავი მოხდა. საბედნიეროდ, სანამდე დარბევა მოხდებოდა, მანამდე მოვახერხე ორიგანალების გამოტანა.
არ მქონდა იმის განცდა, რომ ტელევიზიაში შეიჭრებოდნენ, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, ფირები წამომეღო “იმედიდან”, რაღაც ცუდი შეგრძნება მქონდა. შემდეგ, ვიღაც ორი ჰალსტუხიანი მისულა და 75 საათიანი მასალა წაუშლია მთლიანად, რატომ გააკეთეს ეს, არ ვიცი. ჩემთვის გაუგებარია მხატვრულმა ფილმმა რატომ გამოიწვია ასეთი რეაგირება, ეს ხომ დოკუმენტური ფილმი არ იყო. სრულ პირობას გაძლევთ, რომ ამ ფილმის შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილისგან არ მოდიოდა.
ეს იყო მოგონილი სცენარი, რომელიც მე და ნუგზარ შატაიძემ, რომელიც გარდაცვლილია და კოტე ჯანდიერმა მოვიფიქრეთ ერთად. ძალიან კარგია, რომ ტელევიზია დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს და მე მაშინვე გადავეცი ფილმი” _ განაცხადა ზაზა ურუშაძე.
რეჟისორმა, ამ დღეებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში დაასრულა მხატვრული ფილმის “მანდარინების” გადაღება.