ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
_ ,,ტენდერს ვაცხადებთ ბრიფინგზე, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს არაგამჭვირვალე ტენდერების ჩატარების პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იყო დანერგილი“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სამშენებლო ორგანიზაციებს მოუწოდა ტენდერის პირობებს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გაეცნონ და იმედი გამოთქვა, რომ დაინტერესება სამშენებლო კომპანიების მხრიდან დიდი იქნება.
ძიძიგურის თქმით დარბაზების აღდგენასთან, ციფრულ გაყვანილობებთან და საძირკვლის გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერები ცალკე გამოცხადდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ეს გარემოება ხელს არ უშლის სარემონტო სამუშაოების დაწყებას.
_ ,,გასული წლის 23 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა საქართველოს პარლამენტის ბალანსზე გადმოვიდა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებულ დეტალებზე ბრიფინგზე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის საორიენტაციო ღირებულება 1,5 მლნ. ლარია.
_ ,,გამარჯვებული ფირმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ფირმის საერთო ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს მინიმუმ 3 მლნ. ლარი, ფირმამ უნდა წარმოადგინოს ორი დადებითი რეკომენდაცია შემსყიდველი ორგანიზაციებიდან, მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მსგავს პროექტებში და შესაბამისად შესრულებული უნდა ჰქონდეს 100 ათას ლარიანი ხელშეკრულებები. 1,5 მლნ ლარი საორიენტაციო ფასია, ტენდერის პირობები ითვალისწინებს ვაჭრობასაც და გაიმარჯებს ის ფირმა, რომელიც დაბალ ფასს შემოგვთავზებს“, _ განაცხადა შოთა გოშაძემ.