პეტრიაშვილის დანიშვნამ ოზურგეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, _ ზოგს მიაჩნდა, რომ პოლიციის შეფი პოლიტიკური სიტუაციის დასარეგულირებლად იყო ჩამოსული, თუმცა, ღიად ამაზე არავინ საუბრობდა. ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მასთან ძალიან ხშირად დადიოდნენ დავით დარჩია და კოტე შარაშენიძე, რომლებიც “გურია ნიუსთან” ამბობდნენ, რომ მათი ხშირი სტუმრობა პოლიციის უფროსთან, მხოლოდ გაცნობის მიზნით ხდებოდა და არანაირ პოლიტიკურ საკითხებზე და კადრების შერჩევაზე არ საუბრობდნენ.
თუმცა, მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით დარჩიამ და კოტე შარაშენიძემ ზაზა პეტრიაშვილს, ოზურგეთის პოლიციის უფროსის პოსტზე, ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელის ეროდი გორდელაძის დანიშვნა მოთხოვეს. როგორც აღმოჩნდა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ზაზა პეტრიაშვილმა დავით დარჩიას მოთხოვნები არ გაითვალისწინა. თუმცა, დეკემბრის თვეში ოზურგეთის საზოგადოება ამაზე საუბრობდა, რადგან, თითქმის, გადაწყვეტილი იყო მისი ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშვნა. ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ოზურგეთის პოლიციის ახალდდანიშნული უფროსი ალექსანდრე ჭანუყვაზეც ადასტურებდა.
_როგორც ვიცით, თქვენს მოადგილედ პოლიციის ყოფილი უფროსი ეროდი გორდელაძე დაინიშნა.
_თქვენ უკვე ყველაფერი გცოდნიათ და რაღა გიპასუხოთ…_ .გვითხრა ჭანუყვაძემ ორი თვის წინ.
თუმცა, გორდელაძის კანდიდატურა დღემდე “დაბლოკილია”.
_ ალბათ, სწორედ ამისთვის აზღვევინა პრემიერ-მინისტრთან დასმენით პეტრიაშვილს, “ქართული ოცნების” ოზურგეთის ლიდერმა დარჩიამ, რაც მისივე თქმით, კეთილი რჩევა უფრო იყო, ვიდრე მსგავსი რამ. ოზურგეთში ყველამ კარგად იცის, ვინ არის დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილისთვის, _ ამბობენ ოზურგეთში.
დავით დარჩიამ “გურია ნიუსთან” ინტერვიუში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავისი აზრი რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.
_ ბატონო დავით, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ და კოტე შარაშენიძე ძალიან ხშირად სტუმრობდით სამხარეო პოლიციის უფროსს და მას ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტზე ეროდი გორდელაძის დანიშვნას თხოვდით. პეტრიაშვილმა კი თქვენი წინადადება არ გაითვალისწინა. ამასთან დაკავშირებით, ხომ არ გქონდათ რაიმე უთანხმოება მასთან?
_ მე მგონი, არაფერი და ისე ვთქვათ, რომ გაეთვალისწინებინა რა, არ შეიძლებოდა? ყოველ შემთხვევაში, ეროდი გორდელაძის კანდიდატურას ჩვენ რომ ვაყენებდით და ვთავაზობდით, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე იყო ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცი ერთ–ერთი საუკეთესო პოლიციელია ყველა თვისებებით, იგი კარგად იცნობს რაიონს და მიგვაჩნია, ქვეყანას წაადგებოდა, რომ კრიმინოგენული სიტუაცია არ გართულებულიყო.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ეროდი გორდელაძის შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის თემა, კვლავ წამოიწია და ეს უკვე გადაწყვეტილია. გორდელაძე ყოველდღე ელოდება გამოძახებას, მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნაში კი პირდაპირ ერევა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელიც პრემერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი და მეგობარია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დარჩია პოლიციის კადრების შერჩევასა თუ დანიშვნაში თავის პოზიციებს აფიქსირებს და ეს მხოლოდ გორდელაძის შემთხვევაში არ ხდება. ამ ინფორმაციას, ჩვენთან საუბარში დავით დარჩია ღიად არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეროდი გორდელაძე მისი კანდიდატურაა და ის ოზურგეთს და გურიას ნამდვილად სჭირდება, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.
_ბატონო დავით, როგორც ვიცით, ეროდი გორდელაძე ინიშნება გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე…
_ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი.
_ბატონო დავით, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ეროდი გორდელაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუწიეთ რეკომენდაცია, თქვენი უშუალო პროტექტორობით და ჩარევით უნდა დაინიშნოს, ამაზე რას გვეტყვით?
_თუ ინიშნება, ამაში ცუდი რა არის? მასე ძალიან ბევრ რამეს ამბობენ და მაგი თუ ყველაფერი დაიჯერეთ თქვენ, კარგად იქნება მაშინ საქმე. მე კი არ ვუჭერ მხარს, რაიონი უჭერს, ხალხს უნდა, საზოგადოების მოთხოვნით კეთდება ყველაფერი, იმიტომ, რომ ამ კაცის დანიშვნით საქმე გაკეთდება, მე მინდა, რომ კრიმინოგენური სიტუაცია გაუმჯობესდეს და საქმე წავიდეს წინ, იყოს სიმშვიდე, სიწყნარე.
_ბატონო დავით, თქვენი აზრით, ახლა კრიმინოგენური სიტუაცია არეულია?
_რა ვიცი, თქვენ უფრო იცით, ჩემზე მეტად და! არ არის მგონია, მაგრამ არ უნდა აირიოს.
_ბატონო დავით, ჩვენ ისიც ვიცით, რომ შსს პირველ პირებთან გქონდათ შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. . .
_ ვერაფერს ვერ გეტყვით ამაზე, რა! რა უნდა გითხრათ! ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ვინც იქნება ღირსეული, ჩვენ მხარში დავუდგებით, ეროდი გორდელაძე ნამდვილად ღირსეული კადრია.
“გურია ნიუსი” ეროდი გორდელაძეს დაუკავშირდა.
_ბატონო ეროდი, როგორც ვიცით, თქვენი დანიშვნა გადაწყვეტილია. . .
_მე არ ვარ ინფორმირებული ამის შესახებ და თუ გადაწყდება, ვნახოთ. მასე ბევრჯერ ითქვა, მაგრამ არ გამართლდა, იცით, თქვენც ამის შესახებ.
_ბატონო ეროდი, როგორც ვიცით, თქვენს კანდიდატურას ლობირებას დავით დარჩია უწევს… ის ღიად აფიქსირებს მხარდაჭერას და საუბრობს თქვენს პროფესიონალიზმზე, რომ თქვენისთანა კადრი ოზურგეთს ნამდვილად სჭირდება კრიმინოგენური სიტუაციის გასაუმჯობესებლად. . .
_მასე მე რეკომენდაციებს ბევრი ვინმე მიწევს და იცის საზოგადოებამ, მე რა შემიძლია მაგ კუთხით გავაკეთო.
_ ბატონო ეროდი, თქვენ გაქვთ თუ არა სურვილი, რომ დაბრუნდეთ პოლიციაში?
_ ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩემი სურვილით არ გადაწყდება ეს საკითხი. მე ვიცი ერთი რამ, რომ ვარ მართლაც პროფესიონალი ჩემს საქმეში.