სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეუფარდა გირაო, კერძოდ ვლადიმერ ვარძელაშვილს 3 ათასი ლარი, ვახტანგ ბიჭაშვილს 6 ათასი ლარი და ზვიად ქავთარაძეს 15 ათასი ლარის ოდენობით. გირაოს სრული მოცულობით გადახთისთანავე ბრალდებულები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.
საქალაქო სასამართლოს განცხადებით: “ღია სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა პიროვნებები, მათი წარსული, ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი; კერძოდ: ბრალდებულებმა აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, მათ არ მიუტოვებიათ შემთხვევის ადგილი პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, ასევე ის ფაქტი, რომ მათ ითანამშრომლეს საგამოძიებო ორგანოებთან.
ბრალდებულები არიან დაოჯახებულნი და ყველა მათგანს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა გარდაცვლილი ოჯახის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართავს თხოვნით იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ქავთარაძის მიმართ გარდაცვლილის ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია და ზვიად ქავთარაძის მიმართ გამოყენებულ იქნას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება . სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ასევე, საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება.”
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 17 აპრილს 12 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.