“ვაცხადებ, რომ ჩემი დამოკიდებულება საკადრო საკითხებთან მიმართებაში უკვე გამოვხატე ჩემს ბოლო ინტერვიუში, რომელიც გაზეთ “გურია ნიუსს” მივეცი და თუ საჭირო გახდება, ამის თაობაზე კიდევ გავაკეთებ უფრო მკაფიო განცხადებას. ზემო აღნიშნულ შემთხვევაში კი, საქმე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობის გეგმებს სამსახურებიდან დაითხოვონ ის საჯარო მოხელეები, ვინც ვერ ან არ შეასრულა ნაცმოძრაობის დავალებები არჩევნებზე და “ეჭვმიტანილები” არიან “ქართული ოცნების” მხარდაჭერაში,” _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
ზვიად კვაჭანტირაძე: “ვადასტურებ, რომ ნამდვილად დავურეკე ქალბატონ მარინე სუნგულიას (ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი) და ვთხოვე, ჩემი სახელით დაკავშირებოდა ბატონ ქვილორიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, რომელიც ზუსტად იმ დროს გეგმავდა თათბირს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეთხოვა მისთვის, არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან საჯარო მოხელეები პოლიტიკური ნიშნით. მე დღესაც დაბეჯითებით მოვუწოდებ ოზურგეთის გამგეობის ხელმძღვანელობას ამისკენ და მოვითხოვ მათგან კანონისადმი მორჩილებას.
ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ საჯარო მოხელეების უფლებების შელახვას და ბოლომდე დავდგებით მათ გვერდით, მიუხედავად ამ ადამიანების პოლიტიკური სიმპათიებისა წარსულში თუ დღეს. ამიტომაც, მივმართავ ოზურგეთელ საჯარო მოხელეებს _ ვინც დღესაც განიცდის ზეწოლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თუ თანამდებობის სხვა პირებისგან და ვისაც დღესაც ემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით პოლიტიკურად არასანდოობის გამო, დაუყოვნებლივ მომმართონ პირადად მე და კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისს ოზურგეთში.”