გზის არარსებობის გამო 15-მდე მოსწავლე და რამდენიმე მასწავლებელი იძულებულნი არიან, ფეხით გაიარონ გზის გაფუჭებული მონაკვეთი. სოფელი დახმარების მოლოდინშია.
გოგონა აბულაძე: “ბავშვებს სკოლაში რომ ვუშვებთ, შიშით გული გვისკდება. რამდენჯერ დაბრუნებულან სახლში სველები, იმიტომ, რომ ჭირს გადასვლა და წყალში ვარდებიან. თუ წვიმა წამოვიდა, ისე ატალახდება ყველაფერი, ბავშვებს კი არა უფროსებსაც გვიჭირს სიარული. არჩევნებამდე მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას, მივმართეთ დეპუტატს, კვარაცხელიას, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ამ გზაზე ტრაქტორის გარდა ვერაფერი დადის. იმედი გვაქვს ახალი გამგებელი და დეპუტატი მაინც დაგვეხმარებიან და ჩვენც გვექნება სასიარულო გზა. ასფალტს ხომ არ ვითხოვთ, მოხრეშონ მაინც.”
გულადი კვარაცხელია: “წყალმა წაიღო ხიდი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით იქნა რეაბილიტირებული. ეს გზაც ვითომ შეაკეთეს, მაგრამ ისე უხარისხოდ ჩატარდა სამუშაოები, უცებ გაფუჭდა. ამდენი ფული წყალში და ტალახში გადაყარეს. საშინელ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი სახსრებით ვერ გავაკეთებთ, ვის აქვს დღეს ამის საშუალება? ახლა ახალი მთავრობის იმედი გვაქვს, იქნებ, დაგვეხმარონ, თორემ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ყოველდღე უწევთ ფეხით გაიარონ გზის ეს გაფუჭებული მონაკვეთი.”
“გურია ნიუსი“ წალენჯიხის გამგებელს, გოგა გულორდავას დაუკავშირდა.
– ბატონო გოგა, სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა სავალი გზის 700-მეტრიანი მონაკვეთის შეკეთებას ითხოვს. წელს თუ არის გათვალისწინებული ამ გზის რეაბილიტაცია?
გოგა გულორდავა: – ეს 700 კი არა, 7 000-მეტრიანი მონაკვეთია. წინა მთავრობის დროს იქნა გაკეთებული ეს გზა, 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სამი წელიც ვერ გაძლო, უარესად გაფუჭდა. როგორც იცით, 2013 წელს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც _ ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ ამ გზის სარეაბილიტაციო პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ვიცით სოფელ ნაკიფუს და არა მარტო ამ სოფლის პრობლემები და ყველანაირად შევეცდებით მოსახლეობასთან ერთად სასურველ შედეგებს მივაღწიოთ.