“მოგიწოდებთ, თქვენი თვალით იხილოთ რა გაუსაძლისი პირობები იყო და სად იხარჯებოდა ის კოლოსალური თანხები, რომელსაც სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფდა. ასევე მოგიწოდებთ დეპუტატებს საკუთარი თვალით იხილოთ ის გაუსაძლისი პირობები, რაც ქართულ სამხედრო ნაწილებშია შექმნილი.”
ირაკლი სესიაშვილმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური სტენდიც მოამზადა და მასალებიც გაავრცელა.
“2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩთვლით, 41 მილიონი გაიცა პრემიების სახით, რაც ძირითადად გადანაწილდა მინისტრებზე, მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებზე. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდებოდა ჯარისკაცების ერთ ნაწილისთვის პრემიის დარიგება
გაერთიანებული შტაბის უფროსს აღებული აქვს 267 ათასი ლარი 3 წლის განმავლობაში, ხოლო მისმა მოადგილე გიორგი კალანდაძემ _ 200 ათასი. ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რომ გენერალიტეტმა აიღოს პრემია, მაგრამ როდესაც ხედავ იმ გაუსაძლის პირობებს, სადაც არსებობს შენობების ჩამონგრევის რისკი და ამხელა პრემიებს ირიგებთ, ეს არის სწორედ უპასუხისმგებლობა.”_ განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე ინფორმაციით, 2012 წლის 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე, მაშინ როდესაც ხელისუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო, სასწრაფო წესით პრემიის სახით დარიგდა 738 ათასი ლარი, საიდანაც მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძემ 12 ათასი ლარი აიღო, გენინსპექციის უფროსმა _ 15 ათასი, ექსპერტმა სვიმონ მასხარაშვილმა 40 ათასი ლარი 1 წლის განმავლობაში.
ირაკლი სესაიშვილი ბაჩო ახალაიას მიერ საჩუქრის სახით ცეცხლსასროლი იარაღის დარიგებასაც შეეხო და აღნიშნა რომ ამისთვის მინისტრმა 756 ათასი ლარი დახარჯა.
“იარაღი დაურიგდათ ჩემს კოლეგებს, აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ასევე, რუსთავის 2-ის გასართობი გადაცემა “კომედი შოუს” მსახიობებს.
სესიაშვილმა ავარიული ყაზარმების ამსახველი ფოტომასალა სპეციალურ სტენდზე გამოფინა და დეპუტატებს მისი დათვალიერება ურჩია.