ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მედიასთან შეხვედრისას მან ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების და რუსი ექსპერტების მიერ ქართული საწარმოების ინსპექტირების შედეგების შესახებ ისაუბრა.
“პროცესი ობიექტურად წარიმართა. შემოწომდა 36 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე 4 მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო. ამ სიაში მოხვდა ფაქტიურად ყველა კომპანია, ვისაც განაცხადი ჰქონდა გაკეთებული. არის გამონაკლისებიც, მაგალითად შავნაბადას მონასტრი, სადაც ბერებმა თავად განაცხადეს უარი. კომპანია “ვაინმენი” რომლის შემოწმებაც ფიზიკურად ვერ მოესწრო. არის მხოლოდ ერთი საწარმო, რომელიც შემოწმდა და ვერ გაიარა შემოწმება. ვფიქრობ, შედეგები ძალიან კარგია”,- განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, უკვე ცნობილია მეორე ვიზიტის თარიღიც. რუსი ექსპერტების მეორე დელეგაცია საქართველოში 25 მარტს ჩამოვა და დარჩენილ საწარმოებს შემოწმებს. შემდეგ კი ყველა კომპანია, ვინც ინსპექტირების პროცესს გაივლის, ორგანიზებულად დაიწყებს საკუთარი პროდუქსიის დარეგისტრირებას. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს პროცესი სავარაუდოდ აპრილის ბოლოს დასრულდება და დაახლოებით მაისში პროდუქციის პირველი პარტიის რუსეთში გაგზავნა შესაძლებელი იქნება.