გოჩა ფერსაშვილი წლების განმავლობაში გურიის პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო თვეების განმავლობაში, ის გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ასევე მუშაობდა ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსად, უფრო ადრე კი კი ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილედ.
ჩვენი ინფორმაციით, გოჩა ფერსაშვილს ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი ლობირებს. როგორც ამბობენ, ადიკოსა და ფერსაშვილს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ძალიან ხშირად სანადიროდაც ერთად დადიოდნენ თურმე. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში გოჩა ფერსაშვილი უარყოფს.
_ ბატონო გოჩა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა თქვენ მოახერხეთ ამ პოსტის შენარჩუნება. ვინ ლობირებს თქვენ კანდიდატურას?
_მაგ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელიც წყვეტს უფროსის დანიშვნის საკითხს. კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ.
_ ჩვენი ინფორმაციით, თქვენ ადიკო ივანიშვილის მიერ ლობირებული კადრი ბრძანდებით…
_ არა, არა, გამორიცხულია.
_ ბატონო გოჩა, თქვენ დიდი ხანია, მუშაობთ პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობზე, ემსახურებოდით წინა ხელისუფლებას, ასრულებდით ხელმძღვანელობის მიერ დავალებულ მითითებებს, რა ხდება ახლა, ბატონო გოჩა, კოჰაბიტაციიასთან გვაქვს საქმე?
_ ჩვენ ვართ პოლიციელები და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. პოლიტიკაში ჩვენ არ ვერევით.
_ბატონო გოჩა, გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი მეუღლე წინასაარჩევნოდ “ნაციონალების” მხარდასაჭერად, სიას აგროვებდა, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ გამორიცხულია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.