შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიური, ინსტიტუციური და საკანონმდებლო საკითხები. ასევე, დაზუსტდა აღწერასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ განაცხადა, სამთავრობო კომისიის ფარგლებში შექმნილია რამდენიმე სამუშაო ჯგუფი.
“ერთ-ერთი არის მეთოდოლოგიასა და კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დღეს შეიკრიბა სამინისტროში. დემოგრაფებს, ექსპერტებს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კონკრეტულად გავაცანით აღწერის პროგრამა, ბიუჯეტი და ეტაპობრივად ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ პერიოდში – დღეიდან მონაცემების გამოქვეყნებამდეა დაგეგმილი”, – განაცხადა ჭელიძემ.
“ჩვენი უახლოესი ამოცანაა, რომ ჩავატაროთ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება აღწერის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდგომ გაკეთდება დეტალური სამოქმედო გეგმა და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ღონისძიებები პარალელურ რეჟიმში განხორციელდება იმისათვის, რომ მოვასწროთ დროულად მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
როგორც ცნობილია, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება.