“ოთხშაბათს, 15 მაისს, 14:00 საათზე, “პრაიმთაიმის” პრესკლუბში ჩატარდება პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნება 2 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.
აქცია არ ისახავს მიზნად მარიხუანას ან მისი მოხმარების პოპულარიზაციას. ჩვენ გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე იხდიან სასჯელს ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოიხმარდნენ მარიხუანას და მოვითხოვოთ სახელმწიფოს მიერ ამ მიზეზის გამო საკუთარი მოქალაქეების დევნის შეწყვეტა.
დღეისთვის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე ვადით, მოხმარება კი ფულადი ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით. მაშინ, როდესაც იმავე სისხლის სამართლის კოდექსით გაუპატიურება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით, ძარცვა – თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე, ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება – თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე, ხოლო შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად – თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.
მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია.
ჩვენ მივესალმებით იმ პოზიტიურ სიგნალებს, რომლებიც მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ველით, რომ აღარ მოხდება მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს.
ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ამასთანავე ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა შეიძლება შეფარდებული იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით მიშა მშვილდაძე, ანინა ტეფნაძე, ქეთა გაბუნია, მაგდა გურული, ლექსო მაჭავარიანი, ირაკლი საღინაძე და დავით სუბელიანი ავრცელებენ.