ამ დროისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კომისიის სახელზე 830 განცხადებაა შესული, რომელთა ავტორებიც თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევენ. განცხადებების განხილვის შემდეგ, კომისიამ ყველა მათგანზე შუალედური გადაწყვეტილება მიიღო: 565 განცხადებას ხარვეზი დაუდგინდა, 203 განცხადება კი განათლების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს გადაეცა განსახილველად. 565 განცხადებიდან კომისიამ 85 განუხილველად დატოვე, რადგან მომართვის ავტორებმა დადგენილი ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორეს. 212 განმცხადებელს ხარვეზი გამოსწორებული აქვს, შესაბამისად, განცხადებები კომისიის წარმოებაშია და ამ ეტაპზე მტკიცებულებების შესწავლა მიმდინარეობს.
განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაცემა “პრეს-პრესში” “გურია ნიუსის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებია.
“არასწორი ინფორმაცია გაქვთ, 12 ათასი განცხადება იყო შემოსული, რომ თურმე მე პოლიტიკური ნიშნით ვდევნიდი პედაგოგებს. 3 ადამიანს დაუდასტურეს პოლიტიკური დევნა: ერთი ნარკოტიკებს მოიხმარდა კაბინეტში, მეორე _ ჩემ დროს არ გათავისუფლებულა, მესამეზე კი შეიძლება ვიდავოთ, თუ რატომ იყო გათავისუფლებული”.