_ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომელთაც წელს პირველად შედგეს ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღევანდელი საზეიმო და ამაღლებული განწყობა მათ მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ.
მართალია, წინ ყველას დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება მიიღოს ყველა მოსწავლემ, განურჩევლად იმისა, რომელ რეგიონში სწავლობს, ყველა სკოლას თანამედროვე და კეთილმოწყობილი გარემო, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომფორტული სასკოლო ავეჯი და ახალი ინვენტარი ჰქონდეს.
ვიზრუნებთ, რომ მასწავლებლის პროფესია საამაყო გახდეს და ყველა მოსწავლემ შესაძლებლობის ფარგლებში წარმატებებს მიაღწიოს.
მჯერა, ბევრი მოსწავლე თუ მასწავლებელი საკუთარი მიღწევებით გაგვახარებს!_ აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.