როგორც ზურაბ აბაშიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, აღნიშნული შეხვედრის თემა უკვე მიღებული შედეგების ბოლომდე მიყვანა და დარჩენილი ტექნიკური საკითხების მოგვარება იქნება.
“ამ დიალოგის დასაწყისიდანვე შევჩერდით რამდენიმე თემაზე, რომელთაც იმ დროიდან განვიხილავთ. ესაა სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები, მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა…
ჩვენ ამ საკითხებთან დაკაშირებით გარკვეული წინსვლა უკვე გვაქვს. თუმცა, 19 სექტემბრის შეხვედრაზე განვიხილავთ იმას, რაც მოსაგვარებელი დარჩა. კერძოდ, გარკვეულ ტექნიკურ და სხვა სახის საკითხებს.
ასე რომ, შევეცდებით, ამ თემებთან დაკავშირებით სამუშაოები თითქმის დავასრულოთ და დარჩენილი პრობლემები მოვაგვაროთ. ამავე დროს, ვიფიქრებთ ჩვენი დიალოგის შემდგომ ეტაპზე _ ჯერ იდეების დონეზე ამის თაობაზე აზრებს გავცვლით,” _ აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
კითხვაზე, კარასინთან 19 სექტემბრის შეხვედრაზე განიხილება თუ არა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის “სახელმწიფო საზღვრის” შესახებ შეთანხმების მზადების საკითხი, აბაშიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ “ამ საკითხების განსახილველად ჟენევის მოლაპარაკებები არსებობს”.
“რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ხდება, სპეციალურად ამისთვის ჟენევის ფორმატია შექმნილი. ამიტომ, ჩვენ დუბლირება არ გვინდა. აღნიშულ თემებს ჟენევის ფორმატის ფარგლებში აუცილებლად განიხილავენ,” _ უთხრა აბაშიძემ “გურია ნიუსს”.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, გრიგორი კარასინს პირველად გასული წლის დეკემბერში, ჟენევაში შეხვდა.