და შემდეგ ამ არჩევნის კონტროლი, სპეციალისტები არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ამას მართლაც შეძლებს, მაგრამ ნაწილის აზრით, სათუოა პრემიერმა ის ავტორიტეტი შეინარჩუნოს სამოქალაქო საზოგადოებაშიც, რაც ახლა აქვს.
“საქართველოს პრობლემა მისსავე სოციუმშია, რადგან ხალხს არც არჩევნის გაკეთება შეუძლია, არც არჩეულთა კონტროლირება. მე დავეხმარები საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ანალიზის გაკეთებაში, გონივრულად და არა _ ემოციურად მოქმედებაში. საზოგადოებასთან ერთად გამოვიმუშავებთ მექანიზმს, როგორ შევაფასოთ სიტუაცია სწორად. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, აქტიური მოქალაქე ვიქნები და საზოგადოების განვითარებით დავკავდები”, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ “ტელეგრაფთან” საუბრისას განაცხადა.
რამდენად შეძლებს პრემიერი სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ თავისი ავტორიტეტის შენარჩუნებას და სწორია თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამოქალაქო სექტორში ყოფნა უფრო კომფორტული იქნება და ეს არც მის იმიჯსა და ავტორიტეტზე იმოქმედებს ცუდად.
“თუ პრემიერი აპირებს, რომ სამოქალაქო სექტორში წავიდეს, იქ თანხები დახარჯოს და ეს სექტორი წინ წამოწიოს, თეორიულად რომ ვთქვათ, მეტ-ნაკლებად რეალისტურად ჟღერს. თუმცა, მე აქ მხოლოდ ამ სურვილს არ ვხედავ. არის მეორე მხარეც – ივანიშვილი, შესაძლოა, უფრთხოდეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ქართული საზოგადოებისგან შეიძლება დაატყდეს თავს, ისევე როგორც დაატყდა ყველა სხვა ლიდერს. ქართული საზოგადოება ლიდერებისთვის ზოგადად საშიშია. ის ამას გრძნობს და თუ გადავა სამოქალაქო სექტორში, ოპონენტებისთვისაც უფრო საინტერესო გახდება. ბიძინა ივანიშვილისთვის სამოქალაქო სექტორი უფრო კომფორტული იქნება,“ – უთხრა “გურია ნიუსს“ გამზარდიამ.
მისივე თქმით, პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა მის რეიტინგზე ცუდად არ იმოქმედებს, პირიქით – შესაძლოა მოიმატოს კიდეც.
“რაც შეეხება იმიჯს და რეიტინგს, ვფიქრობ, კიდევ უფრო მოემატება. შეიძლება, პირველ პერიოდში ცოტა დაეცეს, რადგან ოპონენტები ამაზე იმუშავებენ, მაგრამ ეს იმიჯი ისევ მაღლა აიწევს,“ – განმარტავს გამზარდია.
თუმცა, სხვაგვარი მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომელიც “გურია ნიუსთან“ საუბარში ყურადღებას პრემიერ-მინისტრის ტონზე, ულტიმატუმის ენით საუბარსა და შეცდომებზე ამახვილებს.
“თვითონ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ავტორიტეტის შენარჩუნებას. რაც შეხება იმას, რომ ის ხალხს არჩევნის გაკეთებას ასწავლის, არ ვიცი, ვის გულისხმობს, მაგრამ ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს კარგი არჩევნის გაკეთება _ მხედველობაში მაქვს მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტი. ჯერ-ჯერობით, თვითონ ბატონ ბიძინას სჭირდება სერიოზული კონსულტაციები, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაცული იყოს ისეთი მცდარი არჩევნებისგან, რომელიც მან პოლიტიკაში გააკეთა.
თუ პრემიერმა ისევ ისეთი ტონით დაიწყო არასამთავრობო სექტორშიც მოღვაწეობა, როგორც აქამდე, თუნდაც როცა თქვა _ თუ თქვენ არ აირჩევთ მარგველაშვილს, მე წავალ, არ მგონია, რომ ეფექტური იყოს მისი იქ გადასვლა. თუ ის არ აღიარებს თავის შეცდომებს, რომელიც მან დაუშვა, იგივე მინისტრებისა და პარლამენტარების არჩევის დროს, მისი ნდობა უვადო არ იქნება,“ _ უთხრა “გურია ნიუსს“ სოსო ცინცაძემ.