“დიდი სურვილი გვაქვს, რომ სანოტარო მედიაცია გახდეს ერთ-ერთი წამყვანი სერვისი. მოდავეთათვის მთავარია არა დაპირისპირება, არამედ მორიგება და შეთანხმებამდე მისვლა. ჩვენი მიზანია, საოჯახო და სამეზობლო დავა, მემკვიდროებასთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს სანოტარო მედიაციით, რათა ამ პრობლემების გამო მოქალაქეებს არ უწევდეთ სასამართლოში სიარული“, – განცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელიამ სანოტარო მედიაციის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი სერვისი დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. ის საშუალებას აძლევს მოდავეებს, სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით, გადაჭრან პრობლემები. პრეზენტაციის ბოლოს მედიაციის თემაზე გადაღებული სარეკლამო რგოლის ჩვენებაც გაიმართა.
მედიატორის ფუნქცია ნოტარიუსს სამემკვირეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე ექნება. მოდავეები იძულებული აღარ იქნებიან, მიმართონ სასამართლოს, რაც მათ დროისა და თანხების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. მედიაცია შეიძლება შედგეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მომხმარებლისათვის ხელსაყრელ სხვა ადგილას. მხარეების მოლაპარაკებებს ნოტარიუსი დაესწრება და მათ საკითხის გარკვევასა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება. პროცესის დასრულების შემდეგ ნოტარიუსი შეადგენს მორიგების აქტს და დაამოწმებს სანოტარო წესით, რომელშიც თითოეული მხარის მოვალეობები იქნება განსაზღვრული.
მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები განახორციელებენ, რომლებმაც გადამზადება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიარეს. პროცესი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ.