ანალოგიური პრობლემის გამო მათ 20 სექტემბერს საპროტესტო აქციაც გამართეს. როგორც დევნილები აცხადებენ, თუ მათი პრობლემა მაინც არ მოგვარდა, გზას გადაკეტავენ.
“რამდენი ხანია, “შეჭრილების” სტატუსი მოგვაკერეს, ელექტროენერგიაც ამიტომ გაგვითიშეს. წინა აქციის დროს კიდევ ერთხელ მივმართეთ დევნილთა მინისტრს, რომ მოგვაქციოს ყურადღება და გამოგვიყოს შესაბამისი ფართები, სადაც უზრუნველყოფილი ვიქნებით ნორმალური პირობებით. ან მოგვცენ საშუალება დროებით, სანამ აქ გვიწევს ძაღლური ცხოვრება, გვქონდეს უწყვეტი ელექტროენერგია.
ადამიანებად აღარ გვთვლიან, დაბანა ჩვენთვის არაა და ტელევიზორი… ბავშვები სიბნელეში გვყავს, თან ახლა ზამთარი მოდის და მალე ღამდება. რა ვქნათ, სხვა გზა არ გვრჩება, გადავკეტავთ გზებს, იქნებ მაშინ მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება,” _ აცხადებენ დევნილები.
ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ჩასახლებული დევნილების პრობლემა დევნილთა და განსახლების სამინისტროშიც იციან და “ენერგო- პრო ჯორჯიაშიც”, თუმცა პასუხი უცვლელია _ ეს ობიექტი, როგორც კომპაქტური ჩასახლება, არ არსებობს “ენერგო–პრო ჯორჯიას” აბონენტთა ბაზაში, ისინი ე.წ. შეჭრილები არიან და უკანონოდ მოიხმარდნენ ელექტროენერგიას, რის გამოც მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.