კვლევა მაღალი სიზუსტით ასახავს ვითარებას საქართველოში არსებული ავტოპარკის ზრდისა და ცვალებადობის ტენდენციების, ცალკეული მარკა-მოდელების იმპორტ–ექსპორტისა და რეგისტრაციის დინამიკის, ახალი ავტომობილების სხვადასხვა პარამეტრით გრადაცია-სეგმენტაციისა და ა.შ. შესახებ, კერძოდ:
ავტოპარკის ზრდისა და განახლების მხრივ გამორჩეული იყო 2012 წელი, როდესაც დაფიქსირდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში – 8.2%, ხოლო მსუბუქ ავტომობილებში ზრდამ შეადგინა – 6.8%.
სტრუქტურული შემადგენლობის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული მარკებია MERCEDES-BENZ და OPEL, ხოლო მოდელები კი კვლავ – Opel Astra და Opel Vectra. ამასთან, 2011 წელთან შედარებით, საერთო რაოდენობაში ზრდის საუკეთესო დინამიკა აჩვენეს HONDA-სა და NISSAN-ის ბრენდებმა.
რაც შეეხება იმპორტირებულ მარკებს, 2012 წლის მდგომარეობით აქაც MERCEDES-BENZ და OPEL ლიდერობენ, თუმცა მატების ტენდენციის მიხედვით გამოირჩა BMW, ხოლო ყველაზე ხშირად იმპორტირებული მოდელები კი იყო – Opel Astra, Mercedes-Benz C და Mercedes-Benz E.
იმპორტირებულ და განბაჟებულ ავტომანქანებში მარჯვენასაჭიანთა ხვედრითი წილი საშუალოდ 13 პროცენტია. უცვლელია იმპორტიორი ქვეყნების ლიდერთა სამეულიც – გერმანია, აშშ და იაპონია.
2009 წლის შემდეგ ყოველწლიურად, განუხრელად იზრდება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პირველადი რეგისტრაციისა (საშუალოდ 20%) და ექსპორტ/რე-ექსპორტის დინამიკაც.
რეგისტრირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებულია 2002 წლამდე, თუმცა საგრძნობი ზრდა ფიქსირდება 1–დან 3 წლამდე ავტომობილების სეგმენტში, რაც ავტოპარკის გაახალგაზრდავების ტენდენციაზე მიუთითებს. ფერების მხრივ სჭარბობს რუხი/ვერცხლისფერი და თეთრი.
არსებული ავტოპარკის 38% რეგისტრირებულია თბილისში, სადაც ყოველ 4 მოსახლეზე თითო ავტომობილი მოდის. შედარებისათვის, საშუალო ევროპული მაჩვენებელი 1000 პირზე 500 ავტომობილია.
პირველადი რეგისტრაციის მიხედვით მამაკაცებისა (25.6%) და ქალების (21.2%) ყველაზე დიდი სეგმენტი უპირატესობას Mercedes-Benz-ის მარკას ანიჭებს.
ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მხრივ 2012 წელს მდგომარეობა შეიცვალა. კერძოდ: თუ 2011 წლისთვის ლიდერობდა HYUNDAI, 2012 წელს პირველ ადგილზე უკვე TOYOTA-ს მარკაა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე–მესამე პოზიციაზე მყოფ HYUNDAI-სა და KIA–ს ბრენდებს.
3 წლამდე ავტომობილების რეგისტრაციის კუთხით ასევე ყველაზე პოპულარულია TOYOTA-ს, HYUNDAI-სა და KIA–ს მარკის ავტომობილები.
ახალი ავტომობილების მხრივ, ყველაზე მოთხოვნადი საფასო სეგმენტია საბიუჯეტო კლასი (15-25 ათასი აშშ დოლარი), ხოლო პრემიალური ბრენდების შემთხვევაში კი მომხმარებლები უპირატესობას 50-70 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილებს ანიჭებენ.