სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
მინისტრმა უკიდურესი აღშფოთება გამოთქვა რუსული საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებისა და ადგილზე არსებული კრიტიკული ვითარების გამო და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა სასწრაფოდ შეწყვიტოს მავთულხლართების და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვის პროცესი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის რეგიონში და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები.
“მინდა უკიდურესი შეშფოთება გამოვთქვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის გამო.
რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, 2013 წლის იანვრიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო ძალებთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის, ქარელის, კასპისა და ახალგორის რაიონებში, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების ფართომასშტაბიან პროცესს.
ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამჟამად, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს და პროცესი კვლავ გრძელდება.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, ერთმანეთისგან თიშავს ოჯახებსა და საზოგადოებას, აფერხებს ადამიანებს შორის კონტაქტებს.
ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა, მათგან რამდენიმეს საცხოვრებელი ადგილების დატოვებაც კი მოუხდა, რამაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა წარმოქმნა. ადგილობრივ მოსახლეობა ვერ ახერხებს სასაფლაოებთან მისვლას, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებით, ასევე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას.
რუსეთის უკანონო ქმედებები საქრთველოს მთავრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თანმიმდევრულ მილიტარიზაციას; არ კისრულობს შემხვედრ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევისა და უსაფრთხოების სიტუაციის შესწავლის შესაძლებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მისიის მანდატით და აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვას.
ამგვარი უკანონო ქმედებები ყოვლად წარმოუდგენელია ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში ბოლო დროს შექმნილი პოზიტიური დინამიკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე, რომელთა მიზანია დაძაბულობის დე-ესკალაცია და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გამოხატა კეთილი ნება და ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაციის მიზნით, მიიღო რთული გადაწყვეტილება მონაწილეობის შესახებ, მოსკოვი ცდილობს ამ ფაქტის პოლიტიკური მოტივებით გამოყენებას და პროვოკაციული მოქმედების გზას ირჩევს. ამგვარი დესტაბილიზაციური და პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ჩვენ კვლავაც მშვიდობიანი და პრაგმატული მიდგომის ერთგულნი ვრჩებით და არ ვაპირებთ რეაგირებას მსგავსი პროვოკაციული მეთოდებით.
ამ ფორუმზე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლების პროცესი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მომიჯნავე ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა,” _ განაცხადა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძემ საკუთარ გამოსვლაში საქართველოში ეუთო-ს მისიის სრულფასოვანი აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.