მაია ფანჯიკიძემ და რაინჰოლდ ლოპატკამ ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს ეკონომიკის, ბიზნესის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნული თანამშრომლობის შენარჩუნებისა და გაღრმავების აუცილებლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა, 24 ოქტომბერს, რაინჰოლდ ლოპატკას საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე და ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ოფისის გახსნაზე.
“ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაძლიერით თანამშრომლობა. 25 ოქტომბერს თბილისში ბიუროს გახსნის შესაძლებლობა გვეძლევა. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას ჩვენი კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტყის მეურნეობა, კულტურა. მეორეს მხრივ, ჩვენ გაგვაჩნია უდიდესი გამოცდილება ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციების ევროპულ დონეზე განვითარების თვალსაზრისით, და შეგვიძლია ვიმუშავოთ რამდენიმე ადმინისტრაციასთან დაძმობილების პროექტების ფარგლებში. კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს კონკრეტული პროექტების დაწყება, კერძოდ, ქართველი სტუდენტების გაგზავნა ვენაში ჩვენი სისტემისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გასაცნობად. ავსტრიაში ტურიზმის სფერო საკმაოდ კარგად არის განვითარებული,” _ განაცხადა ავსტრიის სახელმწიფო მდივანმა.
ავსტრიულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესები და კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიის მხარდაჭერა.
“ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გაგვაჩნია და ვცდილობთ მხარი დაუჭიროთ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების მომხრენი არიან, რადგან საქართველოს მომავალს, საბოლოო ჯამში, სწორედ ევროკავშირში ვხედავთ,” _ აღნიშნა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა.