პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს სახალხო დამცველს:
“უკანასკნელ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ცხადჰყობს, რომ ციხის მაყურებლებსა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს შორის უკანონო კავშირებმა სისტემური ხასიათი მიიღო. სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ იქნა აღიარებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის არსებობა, რაც წარმოადგენს უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარ მონაპოვარზე უარის თქმას და საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების უსაფრთხოებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადრეც არსებობდა პრობლემები, რის თაობაზეც მე არაერთხელ განმიცხადებია, მაგრამ საგანგაშოა, რომ მრავალი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შეინიშნება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება და მათ მიერ პენიტენციალური სისტემის მართვაში პირდაპირი ჩარევა, რაც უკვე გახდა არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. სამწუხაროდ , თითოეული ასეთი მოვლენის კვალდაკვალ გვიხდება იმის დეკლარირება რომ სამინისტროს ხელმძღვალელობას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს არსებულ რეალობას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასჯელაღსრულების სისტემაში უკანასკნელ ხანს წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად.
“ქართული საზოგადოებისათვის ცნობილია, იმ შემზარავი ფაქტის შესახებ, რაც დაკავშირებულია ქუთაისის N2 სასჯელარსრულების დაწესებულებაში 16 წლის გოგა ძველაიასთან გარდაცვალებასთან. გუშინ ვიმყოფებოდი გარადცვლილის ოჯახში, შევხვდი მის მშობლებს და პირადად მოვისმინე ის კითხვები, რაც მათ მომხდართან დაკავშირებით აქვთ . როგორც ისინი აცხადებენ , გოგა ძველაიას დაკავებას იმთავითვე პირადი მოტივები ედო საფუძვლად. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ჰქონდა კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომელთან და ე.წ. ციხის მაყურებლებთან, რის შესახებაც მან აცნობა დაწესებულების დორექტორს და სთხოვა დაეცვათ ის შურისძიებისგან. ადმინისტრაციისთვის ისიც იყო ცნობილი, რომ გოგა ძველაიასა და ე.წ. მაყურებლებს შორის აქამდეც იყო კონფლიქტი, რაც პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანებითა და მის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მშობლების განცხადებით ციხის ადმინისტრაციამ ვერც ამჯერად უზრუნველყო ძველაიას უსაფრთხოება და ის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა .
“ასეთ ვითარებაში აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, გამჭირვალე და ობიექტური გამოძიება. მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველს შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. გოგა ძველაიას მშობლებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რატომ ვერ დაიცვა მათი შვილის სიცოცხლე ციხის ადმინისტრაციამ, რატომ აცნობეს მომხდარის შესახებ ოჯახს 8 საათის დაგვიანებით, რატომ ჩაუტარდა ცხედარს ექსპერტიზა მათი ინფორმირების გარეშე, რატომ იქნა გაჟღერებული თვითმკვლელობის ვერსია ასე ნაჩქარევად და რით ხსნის გამოძიება იმ ფაქტს, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
“სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი გარდაცვლილის მშობლებს არ აქვთ. პასუხი ამ კითხვებზე არ აქვს არც საზოგადოებას.
“მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც უბრალოდ, ამ ქვეყნის მოქალაქე შეძრწუნებული ვარ ქუთაისის N2 დაწესებულებაში მომხდარი ტრაგედიით და კატეგორიულად მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს ჩაატარონ სრულყოფილი , ობიექტური გამჭირვალე გამოძიება და მისი შედეგი, დაუყოვნებლოვ ეცნობოს არა მარტო გარდაცვლილის ახლობლებს, არამედ საზოგადოებას, რათა მომავალში მაინც შევძლოთ ასეთი ტრაგედიის თავიდან აცილება”, _ ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.