მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრნენ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მისი აღმატებულება ანჟეი ჩიეშკოვსკი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე სოფიო ჯაფარიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ცენტრალური სასწავლო ცენტრის (კალიშე) წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება პოლონეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედგა. კალიშეს სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სამუშაო ვიზიტით 9 ოქტომბერს ჩამოვიდნენ.
დღესვე პოლონეთის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობასთან და პოლონეთის ელჩთან ერთად სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს და მინისტრის მოადგილეს სოფიო ჯაფარიძეს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში შედგა ასევე ერთობლივი სამუშაო შეხვედრები პოლონეთის საელჩოში, სასწავლო ცენტრში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.
პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი სასწავლო ცენტრში 16 ოქტომბერს დასრულდება.