ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღევანდელი პროცესი კომიკური იყო. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსა და აუდიტის სამსახურიდან წარმოდგენილმა მოწმეებმა, ასევე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათის სახლის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილმა მოწმემ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის უდანაშაულობა დაამტკიცეს.
სხვა მოსაზრება აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებით, მოწმეებმა კარგად აჩვენეს, რომ ბრალდებულების მხრიდან მოწმეთა მოსყიდვის ფაქტები რეალური იყო. სონღულაშვილის თქმით, მომდევნო პროცესზე ფინანსთა სამინისტროს სამსახურების თანამშრომლებსა და სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ბენეფიციარებს დაკითხავენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ვანო მერაბიშვილი. როგორც გაირკვა, მერაბიშვილს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს, რის გამოც მან სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შესძლო. მერაბიშვილმა მოსამართლე ნათია ბარბაქაძეს ოფიციალური განცხადებით მიმართა და სთხოვა, სასამართლო საქმის განხილვა მის გარეშე გაეგრძელებინათ.
მერაბიშვილის განცხადებას თან ერთვოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილი, სადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო აღწერილი. თუმცა, ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ ის მერაბიშვილს პარასკევს შეხვდა და ამ დროისთვის ბრალდებულს პროცესზე დასწრება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი.
დაცვის მხარის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ბრალდების მხარის პირველმა მოწმე ბორის ჩოფიანმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს იურიდიული განყოფილების ერთ-ერთი თანმაშრომელია. ის ჩვენების პროცესში ჩანაწერით სარგებლობდა. სწორედ ამან გამოიწვია დაცვის მხარის მწვავე რეაქცია.
“პროკურატურის მიერ დაზარალებულად წარმოდგენილი ბორის ჩოფიანი სასამართლო პროცესზე “შპარგალკით” სარგებლობდა. მას “შპარგალკაში” ჩაუხედავად კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირდა. ჩოფიანმა დაადასტურა, რომ მისი დაზარალებულად ცნობის საკითხი პროკურატურაში გადაწყდა,” _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განახლდება.