“სტერეო+“-ის სიხშირეზე მედია-კავშირი “ობიექტივი“ 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობდა.
“გურია ნიუსთან” ტელეკომპანია “ობიექტივის” ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი “სტერეო+” სიხშირის გათიშვას პოლიტიკურ მოტივაციად აფასებს და აცხადებს: “გუშინდელი დღიდან “სტერეო+” სიხშირე საქართველოს ტელე-რადიო ცენტრიდან გათიშულია. ოფიციალურ მიზეზად ტელე-რადიო ცენტრი ასახელებს “სტერე+”-ის დავალიანებას, რომელიც მათი განცხადებით 180 000 ლარზე მეტს შეადგენს.
“სტერე+”-ის დამფუძნებელი ზილფიმიანი განმარტავს, რომ არანაირი 180 000 ლარის გადახდას არ აპირებს ტელე-რადიო ცენტრისთვის. რადგან 2012 წელს ტელე-რადიო ცენტრმა უკანონოდ გამოურთო მაუწყებლობა და აქეთ მიაყენა ზიანი, როგორც ტელევიზიის მფლობელს. ზილფიმიანი ზარალის ანაზღაურებას თხოვს საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ცენტრს. ამიტომ, ზილფიმიანის განცხადებით, საუბარი არის არა გასული წლის დავალიანებაზე, არამედ მიმდინარე ორი თვის დავალიანებაზე, რომელიც ამ დროისთის სულ რაღაც 11 600 ლარს შეადგენს.
ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” კომენტარი ჩაწერა ირმა ინაშვილთან.
_ ქალბატონო ირმა, რა პოზიცია აქვს ტელეკომპანია “ობიექტივს” დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?
_ დავალიანების გადაუხდელობის მოტივით საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ამ ტელევიზიის გამორთვა ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. თავისუფლად შეიძლებოდა ასეთი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოტანილიყო. ახლა მოსახლეობა განსაკუთრებულად ელის ტელევიზიის მხრიდან ინფორმაციას და “ობიექტივი” არის ინტერაქტიული ტელევიზია. მაყურებელი აქედან მარტო ინფორმაციას არ იღებს, ჩვენს მაუწყებლობაში თვითონაც ჩართულია. მაყურებელს მარტო ინფორმაციის მიღების კი არა, მის მხრიდან ინფორმაციის გავრცელების საშუალება წაართვეს.
მე, სიხშირის შეჩერებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოტივაციას ვუკავშირებ, რადგან, საქართველოს ტელე-რადიო ცენტრში დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში ტელევიზიებზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდა. სწორედ ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ, ბატონი ბორის ადამია დაბარებული იყო კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და დაიკითხა. ამიტომ, თუ ამ ტელე-რადიო ცენტრს დავალიანების პრობლემა აქვს, შესაძლებელი იყო ეს თემა არჩევნების შემდეგ გადაწეულიყო. მაგრამ, მე ვვარაუდობ, რომ მიზანი იყო “ობიექტივის” გამორთვა და მიაღწიეს ამ მიზანს. ათასობით ადამიანი გვიკავშირდება მთელი დღის მანძილზე საქართველოს ყველა კუთხიდან. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, რომ შევძლოთ ტელემაუწყებლობის აღდგენა.