ამის შესახებ “გურია ნიუსს” ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა უთხრა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ახალაიას თავდაცვის მინისტრობის ეპიზოდს ეხება, სადაც ყოფილ მინისტრს იაღლუჯას ბაზაზე ჯარისკაცებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ბაჩო ახალაიამ და ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა 12 აგვისტოს წარმოთქვა და მას შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანადაა გასული.
ახალაიას ადვოკატი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ამ საქმეზე განაჩენი მომავალ კვირას გამოცხადდეს, თუმცა ზუსტი ვადები, რა დროს შეიძლება განაჩენის გამოცხადება არ არსებობს.
“დღეს საპროცესო კანონმდებლობაში გონივრული ვადა არ წერია. ამიტომ მოსამართლე გადის და განაჩენის გამოტანამდე რამდენი ხანიც უნდა იმდენ ხანს ფიქრობს. ერთადერთი ვადა, რაც არსებობს საპატიმრო ვადაა, რომელიც 1 დეკემბერს იწურება, ამის ამოწურვამდე კი სასამართლო განაჩენი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს. რაც შეეხება განხილვებს, 12 აგვისტოს საბოლოო პროცესი იყო, სადაც ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და იმის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანადაა გასული და დღესაც მოსაფიქრებელშია. დიდი ალბათობით, ამ საქმეზე დრო იმხელაზეა მისული, რომ განჩენი მომავალ კვირას გამოიტანონ. დღეს საპროცესო კანონმდებლობაში გონივრული ვადა არ წერია. ამიტომ მოსამართლე გადის და განაჩენის გამოტანამდე რამდენი ხანიც უნდა იმდენ ხანს ფიქრობს”, _ აცხადებს ველიჯანაშვილი.
მისივე თქმით, ახალაიას სასარგებლოდ სასამართლო ამ ეპიზოდზეც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან ბრალდების მხარე ძალიან სუსტი იყო.
“პროკურატურა ყველაზე სუსტი იყო ყველაში, რაც კი საქმეები არსებობდა ახალაიას წინააღმდეგ. საერთოდ რა შუაშია ე.წ. შვიდკაცას საქმეში ბაჩო ახალაია, დღემდე ვერავის გაურკვევია. მისი სახელის და გვარიც კი არავის უხსენებია პროცესზე. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ ამ საქმეზეც გამამართლებელი განაჩენი დადგეს”, _ უთხრა “გურია ნიუსს” ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმის გარდა აგვისტოში ბაჩო ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. საუბარია ე.წ. სენაკისა და ვაზიანის ეპიზოდზე, სადაც ახალაიას სამხედროების წამებაში და წამების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. ბაჩო ახალაიასთან ერთად, აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი, მათ შორის, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ყველა განსასჯელი უდანაშაულოდ ცნო. ამასთან ახალაია ზვიად აბესაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდშიც გამართლდა.