ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, მსგავსი ფაქტი მარტვილსა და ზესტაფონში დაფიქსირდა. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, პროკურატურამ დაახლოებით გუშინწინ ღამის საათებში სასამართლოზე დასაკითხი მოწმეები გამოიძახა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. თუმცა, რა სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი, ჭიაბერაშვილი არ აკონკრეტებს.
მისივე განცხადებით, სასამართლო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი და მერაბიშვილის საქმე გაჭიანურდეს. ჭიაბერაშვილმა ასევე იმ მოწმეზეც ისაუბრა, რომელმაც, მისივე თქმით, ჩვენების მიცემა „შპარგალკის“ გარეშე ვერ შეძლო და ძალიან ბევრ საკითხზე ინფორმირებული არ იყო.
კახეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები ამ კვირში შესაძლოა პერმანენტულად გაიმართოს.
ვანო მერაბიშილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, სასამართლო პროცესები განგებ ჭიანურდება და მხოლოდ მოწმეების დაკითხვით შემოიფარგლება. მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე კომიკურია და პროკურატურა არაფერს აკეთებს.
როგორც კახიძე აცხადებს, ამ დროისთვის 20 მოწმეა დაკითხული, ხოლო დანარჩენი 4 ათასამდე მოწმე ჯერ არ დაკითხულა. ის ამ ყველაფერს კომიკურს უწოდებს.
პროკურატურა დაცვის მხარის ბრალდებებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ე.წ. დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლის მოსყიდვას ედავება.