“2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე შეტანილია, ეს მოხდა 15 ნოემბერს კანონით გათვალისწინებულ ვადაში,” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ალეკო ბერიძე.
ალეკო ბერიძე:
_ 20 ნოემბერს საკრებულოს სხდომა არის დაგეგმილი. თქვენი აზრით, მოხდება თუ არა პირველი განხილვა ორ დღეში?
_ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია. მათზე არის დამოკიდებული მოხდება თუ არა 20 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტის განხილვა. თუ კომისიას ექნება სერიოზული შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით ის უფლებამოსილია დააბრუნოს ბიუჯეტის პროექტი გამგეობაში თავიდან რედაქტირებისთვის.
_ რა იქნება 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი?
_ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
_ რა თანხებია გამოყოფილი ამისთვის?
_ ინფრასტრუქტურა – 2 096 000 ლარი, განათლება – 1 980 000 ლარი, კულტურა – 2 756 000 ლარი, სოციალურ უზრუნველყოფაზე სრულად გამოყოფილია 876 00 ლარი, მათ შორის პროგრამებზე 780 000 ლარი.