მან მადლობა გადაუხადა პრემიერს ნდობისთვის და განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ბიზნესის განვითარება და აღმავლობა.
“ჩემი პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში შეიქმნას მაქსიმალურად პროგნოზირებადი გარემო, რათა აღარ იყოს სიურპრიზები ბიზნესისთვის, შეიქმნას გარემო, სადაც ბაზარზე ყველა ნიშისთვის იქნება ადგილი, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება”, _ განაცხადა მინისტრმა.
იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობენ ბიზნესმენები, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული ბიზნესი და რაში ხედავენ გამოსავალს ქართველი ბიზნესმენები, ჩვენ სათამაშოების ბიზნესში ჩართული კომპანია “სანსიტი”-ს ხელმძღვანელ ვახტანგ ჟორდანიას გავესაუბრეთ.
_როგორი ვითარებაა დღეს ქართულ ბაზარზე?
_ქართულ ბაზარზე მძიმე ვითარებაა და არა მარტო სათამაშოების ბიზნესისთვის, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის. კრიზისამდე საწყისი პერიოდია, ხალხს ფული არ აქვს, ვარდნაა ძალიან დიდი ვაჭრობაში, ელემენტარულად ჩვენი მაღაზიები რომ ვაჭრობდნენ 1000 ლარს, ახლა ვაჭრობენ 100 ლარს. აქედან გამომდინარე, ბრუნვებიც მცირდება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი ბიზნესი არის კრედიტის ქვეშ, კიდევ უფრო ბევრი ბიზნესია კერძო იპოთეკარების კრედიტის ქვეშ, სადაც საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია, რაც პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ხალხს ახრჩობს. ერთია რომ წლიური 14% გაქვს ბანკში გადასახდელი და კრედიტი გაქვს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იქ გადასახადია, იქ ოვერდრაფტია, იქ გადარიცხვაა, იქ შემდგომი მომსახურეობაა, 14% საბოლოო ჯამში გამოდის 30–36%, რაც საკმაოდ მაღალი გადასახადია. დიდია ასევე სახელმწიფოს მხრიდან გადასახადები, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესს არსაიდან ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. მსხვილ ბიზნესს კი აქვს უნარი გადახდის, ისედაც ვითარდება და კიდევ უფრო მეტ წარმატებას აღწევს, ამიტომაც არის, რომ ერთ სფეროშია გადანაწილებული ეს თანხები და მცირე ბიზნესს საშუალება არ აქვს განვითარდეს.
_თქვენი, როგორც ბიზნესმენის ხედვით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს?
–პირველ რიგში ეს არის, რასაც პირდებოდა ხალხს მთავრობა, საპროცენტო განაკვეთის შემცირება ბანკებთან მიმართებაში. შეიძლება რომელიმე ბანკს უნდა კიდეც პროცენტის დაგდება, მაგრამ იმდენად არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვული, არ აძლევენ ერთმანეთს თუნდაც 1%–ის დაგდების საშუალებას. მე რომ ვიყო ახლა საბანკო სექტორში, გავაკეთებდი ამას. სიმართლე გითხრა, ადრე თუ გვიან ამას გავაკეთებ კიდეც.
_როგორ?
_დიდი არაფერი, ვეძებ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც ინვესტიციებს განახორციელებენ საქართველოში, რამოდენიმესთან მაქვს კიდეც კონტაქტი, ეს არის სოლიდური მსხვილი ბანკები, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა არის ახალი გარემოებებიც, სადაც გადაწყვეტილებები უკვე მიღებული მაქვს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფომ უნდა გამოათავისუფლოს. მე ასე გავაკეთებდი, მაგალითად ერთ ფაქტს ჩემს თავზე გეტყვით. სათამაშოების ბიზნესს აქვს სეზონურობა. ახალი წლის პერიოდში არის კარგი გაყიდვები და საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი, მერე მცირდება გაყიდვები და ზაფხულის პერიოდში იყიდება ქვიშის ნაკრებები, ზღვის გასაბერი ინვენტარები, სექტემბერში უფრო შემეცნებითი სათამაშოები გადის, ასე რომ ყველაფერს უნდა ალღოს აღება და სეზონურად გადანაწილება, რომ ბრუნვები იყოს. ჩემი ბიზნესი არის ორიენტირებული ბრუნვებზე და არა თანხობრივ მოგებაზე. საბანკო პროცენტებზე და გადასახადებზე სწორედ იმიტომ ვლაპარაკობდი. ვალები ახრჩობთ მაღაზიების მეპატრონოებს. ბრუნვები უმცირდებათ, იმის გამო, რომ ბანკმა არ წაართვას, იძულებულია ჩემგან აიღოს სათამაშო, ვიღაცისგან წყალი აიღოს, ვიღაცისგან სასმელი აიღოს და იმითი გადაიხადოს და კომპანიებთან იგროვებენ ვალებს. სამწუხაროდ ამას კანონი ვერანაირად ვერ არეგულირებს.
_რაში ხედავთ გამოსავალს?
_თუ ქვედა რგოლი არ განვითარდა, ვერც საშუალო ბიზნესი გაძლიერდება და ის საშუალო ვერ გახდება მსხვილი და ქვედა რგოლი ვერ გახდება საშუალო. დღევანდელი რეალობა ასეთია – გვაქვს მსხვილი ბიზნესი და მის ხელშია ყველაფერი მოქცეული. გარდა ამისა, რასაც იხდის საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი გადასახადს, იმავეს იხდის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელიც. რატომ უნდა იყოს ეს გადასახადი თანაბარი? გამომდინარე იქიდან, რომ პირველად დაფინანსებას არ იძლევა ბანკი, ბიზნესის დაწყების მსურველი მიდის კერძო იპოთეკართან, დებს ბინას, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი პროცენტი, ესეც სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ქვეყანა იქცეს მევახშედ. ბიზნესი დღეს საქართველოში არის მევახშეობა. მოსახლეობის ერთ ნაწილს აქვს მეორე ნაწილის ვალი.
_ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია შექმნას ისეთი გარემო, სადაც ბიზნესს აღარ ექნება სიურპრიზები…
_კარგი იქნება, რადგან ახალმა რეგულაციამ ძალიან დააზიანა ბიზნესი. როცა რამე ახალი შემოდის, საჭიროა კარგად გაანალიზება.
_რომელ რეგულაციაზე ლაპარაკობთ?
_სიგარეტთან დაკავშირებით რომ შემოიღეს. არ არის ლაპარაკი იმაზე, იმუშავა თუ არა იმ რეგულაციამ. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ – ჩამოიტანეთ თქვენ რაღაც პროდუქტი, რომელიც საკვები პროდუქტია და გამოაცხადებენ, რომ მომწამვლელია. მეორე დღეს კი აცხადებენ, რომ არ ყოფილა მომწამვლელი და იყიდეთ. ამან ხომ გააფუჭა უკვე ბიზნესი. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, შემოიღეს რეგულაცია, აკრძალეს სათამაშოების, ტანსაცმლის და სიგარეტის ერთად გაყიდვა. გინახიათ სადმე სათამაშოების მაღაზია, სადაც სიგარეტი იყიდება? ან ტანსაცმელების მაღაზია, სადაც სიგარეტი იყიდება? რა თქმა უნდა არა. თუ ამაზე იყო ეს აქცენტირებული, მაშინ კანონში უნდა ყოფილიყო გაწერილი. წარმოიდგინეთ მარკეტი, სადაც პროდუქტიც იყიდება, ტექნიკაც, დახლზე სიგარეტის გვერდით არის კანფეტები, საღეჭი რეზინები და ამ მარკეტში ერთ კუთხეშია სათამაშოებიც. თუ სიგარეტის გვერდით სათამაშო არ შეიძლება, მაშინ კანფეტი შეიძლება? ყველაფერი იყო ორაზროვნად. ხვალ რომ პურის და სიგარეტის ერთად გაყიდვა აკრძალონ, მაღაზია სიგარეტს აირჩევს, რადგან სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა მწეველია და პურის ყიდვას სიგარეტის ყიდვას არჩევს. სიგარეტს საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვს, სიგარეტის ბიზნეში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როცა “ელისში” დავიწყე მუშაობა. მაშინ ამ ფირმას არავინ იცნობდა, ასე რომ ცარიელ სიტყვებს არ ვამბობ. რაც შეეხება ამ რეგულაციას, თუ სიგარეტს გაიტანდნენ მაღაზიებიდან და სპეციალურ ჯიხურებში გაიყიდებოდა, ამით სიგარეტის ბიზნესს არაფერი დაუშავდებოდა. პირიქით, უკეთესიც იქნებოდა. დისტრიბუტორებსაც გაუადვილდებოდათ და საწვავიც ნაკლები დაიხარჯებოდა, შესაბამისად თანხაც გამოთავისუფლდებოდა. ამ რეგულაციამ ხელი შეუშალა დასაქმების პროგრამასაც, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში.
_ქვეყანაში ახალი ხელისუფლებაა, ცვლილებები შედის კანონებში, როგორც მინისტრი ამბობს, ბიზნესი განვითარდება საქართველოში და შესაძლებელი იქნება ახალი ბიზნესის დაწყება. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი შეეცდება ახალი საქმის წამოწყებას. საუბრის ბოლოს, რას ურჩევდით ახალბედა ბიზნესმენებს?
_მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აპირებს ნულიდან დაწყებას, რომელსაც არ აქვს ფული და აქვს მხოლოდ იდეა. მხოლოდ იდეით ბიზნესი არ იწყება. იდეას სჭირდება კაპიტალი. ჩემი პირველი და უმთავრესი რჩევა იქნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბიზნესი არ დაიწყონ კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობით. ბიზნესში მთავარია მოთმინება, გაძლების უნარი და არასდროს არ უნდა დაყარონ ფარხმალი. ყველაზე კარგია გაძლებისთვის და მოთმინებისთვის დრო, თუმცა ესეც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ბიზნესი იწყებს და მალევე კვდება, თუმცა, ბევრი ბიზნესი საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ალბათ რაღაც წილი გამართლებაცაა. ჩემი გამოცდილებით ყველაზე მთავარი მენეჯმენტია – კადრების სწორად შერჩევა.