“ვილნიუსის სამიტს საქარველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ისტორიული დატვირთვა გააჩნია. სამიტზე საქართველო და ევროკავშირი მოახდენენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.
გარდა ამისა, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულებას. საქართველომ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით, რაც სამიტზე დადებითად იქნება შეფასებული.
გარდა ამისა, სამიტზე დაფიქსირდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან სხვა პრიორიტეტულ სფეროებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროში დაახლოების მიმართულებით მიღწეული პროგრესი. სამიტზე შემუშავდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს,” _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.