“უპირველესად, ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ წამოწყებული რეფორმა თავისი არსითა და მასშტაბით უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის ის სისტემა, რომელიც დღეისათვის მოქმედებს, არ არის საკმარისად გამართული, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე საკმარისად ორიენტირებული და არსებობს მისი ცვლილების საჭიროება. შესაბამისად, საია მხარს უჭერს წამოწყებულ რეფორმას.
რეფორმის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ის ინტენსიური დისკუსიების ფონზე წარიმართოს, ხოლო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს.
კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დადებითი ინიციატივა, რომელთა შორისაა ყველა მუნიციპალიტეტში მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევითობა მოსახლეობის მიერ. ამავდროულად, კანონპროექტში არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც სამომავლო მუშაობასა და აღმოფხვრას საჭიროებს,” _ ნათქვამია საიას განცხადებაში.