როგორც სოფელ მამათის რწმუნებულმა გელა პატეიშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, სოფელში ამ წუთებში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდითი სამუშაოები.
“თოვლის საფარის ზომამ 50 სანტიმეტრს გადააჭარბა, გზების გაწმენდა უკვე მიმდინარეობს, მოსულია ადგილზე ტექნიკა, შუქი უკვე მესამე დღეა არ მოგვეწოდება. სავალალო მდგომარეობაა, წაქცეულია აცანიდან მამათისკენ მომავალი მაღალი ძაბვის ბოძები, ასევე სოფელშიც წაქცეულია ცემენტის ბოძები. ჯერ ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, იმედია, გზას მალე გავწმენდთ,” _ განაცხადა პატეიშვილმა.
“გურია ნიუსი” “ენერგო პრო ჯორგიას” ლანჩხუთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელ ოლეგ იმნაიშვილს დაუკავშირდა, რომლემაც აღნიშნა, რომ ლანჩხუთის 900 აბონენტს შუქი უკვე ორი დღეა არ მიეწოდება და მანამდე ვერ მოხდება აღდგენა, სანამ გზა არ გაიწმინდება.
“900 აბონეტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ვიცი, რომ შუქი მანამდე არ აღდგება, სანამ გზა არ გაიწმინდება, ძირითადად ბოძებია დაზიანებული და სადენებია ჩამოყრილი. ახლაც კი ასული არის ბრიგადა, მაგრამ ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება იმის გჰამო, რომ გზა არ არის გაწმენდილი. დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება ტექნიკის ადგილამდე მიყვანა და სამუშაოების განხორციელება.”
მისივე თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია სოფლებში – აკეთი, აცანა და მამათი, რის გამოც მოსახლეობა უშქოდაა დარჩენილი.
“ორი დღეა უკვე აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ვერც იმას ვიტყვით როდის აღდგება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” იმნაიშვილმა.