“თავისუფლების მოედანზე” უგულავამ უახლოეს წარსულში საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი რევოლუციაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყოველთვის აღნიშნავდნენ – თუ საქართველომ შეძლო რეფორმების გატარება და კორუფციის აღმოფხვრა, ამას შეძლებდა უკრაინაც.
“ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციის მერე, ჩვენი მეგობრები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ თუ საქართველომ შეძლო, შეძლებს უკრაინა. თუ საქართველომ შეძლო კორუფციის დამარცხება, ამას შეძლებს უკრაინაც. თუ საქართველომ შეძლო ქვეყნის წინ წაწევა, ამას შეძლებს უკრაინაც. თუ საქართველომ შეძლო რეფორმების ჩატარება, ამას შეძლებს უკრაინაც.”
თუმცა, უგულავას განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოში, დღეს არსებული სიტუაცია სხვაგვარია.
“დღეს სურათი სხვაგვარად ჩანს. დღეს თუ შეძლებს უკრაინა, მაშინ, ხვალ შეძლებს საქართველო. ამიტომ, ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავდგეთ იქ, და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენ გველიან. ეს არის თავისუფალი სამყარო. ეს არის ევროპა. ამიტომ ყველა ქართველი ადამიანის ვალია ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით. მიხარია, რომ ძალიან ბევრი ხართ ვისაც არ გეშინიათ ყინვის.
დღეს ისტორიული შენობა, ის შენობა რომლის გარშემოც გაშენდა თბილისი და გალამაზდა, თბილისის მერია განათდა უკრაინული დროშის ფერებით. ნიშნად იმისა, რომ მთელი თბილისი სოლიდარულია უკრაინელი ხალხის. გაიარეთ, იხარეთ და იბედნიერეთ და ეს ბრძოლა იქნება გრძელი, დამქანცველი, მაგრამ წარმატებული.”