“მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა, ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი.მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს – მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა, რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება,” _ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.