“ჩვენ ვაპირებთ, რომ მეორე მოსმენის დროს მხარი დავუჭიროთ ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. კენჭისყრა ღიაა და ყველას შეუძლია ნახოს.
ზოგადად ძალიან ვწუხვარ, რომ ეს პროცესი ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და 27 კაციდან, ვერ ავირჩიეთ ის ადამიანები, რომლებიც ახალი სრულიად განსხვავებული დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს შექმნას შეუწყობენ ხელს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდება. მაქვს უფლება, რომ გარდა პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილების მხარდაჭერისა, მივიღოთ პიროვნული გადაწყვეტილებაც, მე ვაღიარებ რომ არც პირველი მოსმენის დროს არ ვაპირებდი ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემას. ის უკვე იყო სამეურვეო საბჭოს წევრი და მე მისი მხრიდან არასდროს დამინახავს, რაიმე საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტილება ტელევიზიის საკეთილდეოდ”, _ განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი მიიჩნევს რომ, პროცესის გაჭიანურებით ხელისუფლებას სურს დაიმორჩილოს და დაიქვემდებაროს “საზოგადოებრივი მაუწყებელი”. რატიანი აქვე აღნიშნავს, რომ უმცირესობა მეორე მოსმენის დროსაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას წარადგენს და ასევე დარეჯან ჯავახიშვილის.
“ხელისუფლებას და უმრავლესობას აქვს იმედი, რომ დაიქვემდებარებენ და დაიმორჩილებენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს გამოჩნდა იმაში, რომ ისინი თავიანთ კანდიდატურებსაც კი ვერ აყენებენ. ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგენთ ნინია კაკაბაძის და დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიუკერძოებლები არიან და არ გაატარებენ პოლიტიკური ინტერესებს”.