ჯერ კიდევ 2012 წლის 19 ოქტომბერს პრეზიდენტის # 726 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, დადგინდა ხელფასების მატება ყველა მუნიციპალიტეტში.
ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი 2 650 ლარით განისაზღვრება, მანამდე ეს ზღვარი 2 360 ლარი იყო; გამგებლის მოადგილის _ 1 300 ლარით, ადრე იყო 1 200 ლარი; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის _ 1 700 ლარით; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, რწმუნებულის _ 1 000 ლარით, ადრე იყო 700 ლარი; გამგეობის განყოფილების უფროსის _ 810 ლარით, იყო 500 ლარი; გამგებლის თანაშემწის, სხვა საჯარო თანამდებობის პირების _ 790 ლარი, იყო 450 ლარი; უმცროსი საჯარო თანამდებობის პირის _ 560 ლარი, იყო 450 ლარი; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასი ზედა ზღვარი განისაზღვრა 1 350 ლარით.
რაც შეეხება ტექნიკურ პერსონალს, მდივნის ხელფასი განისაზღვრება 450 ლარით, მძღოლის _ 560 ლარით, დამლაგებლის _ 200 ლარით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიგინეიშვილის თქმით, მთლიანად მოხდა ხელფასების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რასაც, თურმე, “ჟურნალისტები ხელფასების ზრდას არქმევენ”:
_ ხელფასების ზრდას რაც შეეხება, 2012 წელს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც გაიზარდა თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სახელფასო განაკვეთის ზედა ზღვარი. საქართველოს მასშტაბით 65-დან 62 მუნიციპალიტეტს, უკვე დიდი ხანია, ეს საკითხი დარეგულირებული ჰქონდა. შესაბამისად, დარჩენილ სამ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჩვენთანაც, საკითხი დარეგულირებას მოითხოვდა. ხელფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა აისახა 2014 წლის ბიუჯეტში. შესაბამისობაში მოვიდა კანონთან ზოგადად მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ხელფასები.
_ შეეხება თუ არა სახელფასო ცვლილებები ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს?
_ ვინაიდან ა(ა)იპ-ების თანამშრომლები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, აქედან გამომდინარე, მათი ხელფასები არ განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით, _ გვითხრა გიგინეიშვილმა.