კონფერენციის მიზანი, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა იყო. “რედისონში” გამართულ კონფერენციაში ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, მსხვილი ბიზნესკომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონკრეტულ თემებზე ისაუბრეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
კონფერენცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა: _ პირველ ნაწილში “ფონდი ნატახტარისა” და “ასოციაცია ჩვენი სახლის საქართველოს” წარმომადგენლებმა, ამ სფეროში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ასევე ისაუბრეს, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
კონფერენციის მეორე კომპონენტი, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების მოხსენებას დაეთმო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების დაძლევის პროექტებსა და ინიციატივებთან დაკავშირებით. კონფერენციის მთავარი მიზანი, სხვადასხვა სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლა იყო, ხოლო დასკვნითი ნაწილი მედიაგაშუქების საკითხებს მიეძღვნა, რასაც აღნიშნულ თემაზე საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია ნატახტარის მარკეტინგის დირექტორი:
_ კონფერენცია ჩატარდა “ფონდი ნატახტარის” ინიციატივით და ძალიან კმაყოფილი ვარ. წარმოდგენილნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვების თემაზე მუშაობენ. კონფერენციის მთავარი მიზანი, ჩვენი ძალისხმევისა და ხედვების გაერთიანებაა. ასევე, გადავწყვიტეთ, გამოცდილება ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, რათა ამ სფეროში არსებულ პრობლემას ერთად გავუმკლავდეთ და მომავალში სამოქმედო გეგმა უკეთ განვსაზღვროთ. შეხვედრის შემდეგ, ჩამოყალიბდება, უფრო ვიწრო, მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე იმუშავებს. მოზარდების მომავალზე ზრუნვა, ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და ამით ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული.
მანანა ომარაშვილი, ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, _ “ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო:”
_ კონფერენცია მიეძღვნა სოციალური პასუხისმგებლობის თემას, ბავშვთა ზრუნვის სფეროში. ამიტომ, მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამი სახელმწიფო უწყება, _ ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. ანუ ის უწყებები, რომლებიც უშუალოდ, ბავშვთა ზრუნვის სფეროში და მოზარდის მიერ, დამოუკიდებელი ცხოვრების პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობენ. ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეფორმაში მონაწილეობენ. მედია და ბიზნესსექტორი… ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რათა ერთად შევძლოთ ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენი, უშუალოდ, “ასოციაცია ჩვენი სახლისა” და “ფონდი ნატახტარის” მონაწილეობა განისაზღვრება იმით, რომ ფონდის საქმიანობით გვინდა სხვებს მაგალითი ვაჩვენოთ. ამ ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა, _ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებთან ვმუშაობთ და მათ ფსიქოლოგიურ სამსახურს ვუწევთ, პროფესიის მიღებაში ვეხმარებით. მაშინ, როდესაც ისინი 18 წლის გახდებიან და ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევთ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ვამზადებთ. მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალობა, პროფესია, სამსახური, თუ სახლი არ აქვს, დაქირავებაში ვეხმარებით…
ნინოსუბელიანი, “ჰაიდელბერგცემენტის” კომუნიკაციების მენეჯერი:
_ მომავალზე ზრუნვა, ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და ამით ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული. სოციალური პროექტების განხორციელების საჭიროება, ამ ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას. მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების პროექტები, “ჰაიდელბერგცემენტისთვის” საკმაოდ საინტერესოა და “ფონდი ნატახტარის” კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, ერთობლივი პროექტების განხორციელებაც, რაც სასარგებლო იქნება მომავალი თაობისთვის. (R)