დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მიმართავენ: “სახელმწიფომ სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს იმ პირთა ქმედებაზე, რომელთა ქცევა კანონით დაცულ სფეროს სცილდება და ზღუდავს სხვა პირთა რელიგიის თავისუფლებას. ზოგიერთი პირის ქცევაში აშკარად იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, რაც ეფექტური გამოძიების ჩატარებასა და შესაბამისი პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. მათ შორის, არსებითია სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ქცევაზე, რომელთაც არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნა.”
მათი განცხადებით, პოლიციამ სოფლის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს და პროვოკატორებიც კი უწოდა: “31 მაისს, სამთაწყაროს შესასვლელში მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მუსლიმების გადაადგილებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ არც კი მიმართა რაიმე ტიპის ძალისხმევას გზის გათავისუფლების და იმ უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით, რასაც ადგილი ჰქონდა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდან. ინციდენტს ასევე ესწრებოდნენ დედოფლის წყაროს რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის რწმუნებული, რომლებმაც პოზიტიური წვლილი არ შეიტანეს დაპირისპირების განეიტრალებაში და არ მიმართეს სათანადო ზომებს. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის ქმედებების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი თავს კონფლიქტის მხარედ აღიქვავდნენ და თავისი ქცევით გასცდნენ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებს და არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია პირდაპირ აცხადებდა, რომ ისინი ემორჩილებიან მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, რომელსაც არ სურს სოფელში მეჩეთის მშენებლობა. მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლებამ და პოლიციამ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს მოუწოდა სოფლის ტერიტორიის დატოვება და მათ პროვოკატორებიც კი უწოდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლებმა აგრესიული ჯგუფის ქმედება მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა და მათ ქმედებაში სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნები არ დაინახა.
ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლე ინტერვალში ადგილობრივ დონეებზე რელიგიური კონფლიქტის არა ერთი კერა გაჩნდა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის, განსაკუთრებით აჭარელი მუსლიმების შევიწროების შემთხვევებმა (სოფელი ნიგვზიანი, წინ წყარო, ციხის ძირის ინციდენტი) იმატა. ჩვენი შეფასებით, რელიგიური კონფლიქტების გავრცელება ძირითადად განპირობებულია სახელმწიფოს არასათანადო მონაწილეობით წინა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, როცა სახელმწიფომ არა ეფექტური სამართლებრივი რეაგირება მოახდინა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე დაფიქსირებულ ძალადობრივ ქცევებზე და კონფლიქტების დარეგულირების პროცესები არსებითად სასულიერო პირებს გადაანდო. ამგვარი ჩაურევლობით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირება ისედაც არათანაბარ პირობებში მყოფ მხარეებს შორის. ამასთან კონფლიქტის დარეგულირების პროცესის სეკულარული სივრციდან გატანით, სახელმწიფომ ვერ შეძლო ნეიტრალური საჯარო სივრცის შექმნა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება ამ პროცესში.
ამასთან, რელიგიური კონფლიქტების წამახალისებელ ფაქტორად შესაძლოა ასევე მიჩნეულ იქნეს ამ მიმართებით სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკა (რაც ზოგჯერ უმოქმედობაში, არასათანადო მოქმედებაში, ან რელიგიური ორგანიზაციების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაში გამოიხატება). ცხადია, რომ საჯარო სივრცეები ინდოქტრინაციის გავლენას განიცდის, რაც სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული და ტოლერანტობაზე დაფუძნებული ღირებულებების დამკვიდრებას უშლის ხელს.
შესაბამისად, სამთაწყაროს კონფლიქტთან მიმართებით უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, რაც უნდა გულისხმობდეს კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი გადაწყვეტისა და მუსლიმი მოსახლეობის მიერ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილი სარგებლობის მიზნით ყველა შესაძლო ზომის მიღებას. ამ მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სახელმწიფომ სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს იმ პირთა ქმედებაზე, რომელთა ქცევა კანონით დაცულ სფეროს სცილდება და ზღუდავს სხვა პირთა რელიგიის თავისუფლებას. ზოგიერთი პირის ქცევაში აშკარად იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, რაც ეფექტური გამოძიების ჩატარებასა და შესაბამისი პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. მათ შორის, არსებითია სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ქცევაზე, რომელთაც არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნა და არაფერი გააკეთეს უმცირესობის მიერ საკუთარი რწმენის თავისუფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორად გაიაზრონ საკუთარი როლი და მათი ქცევა/ადგილობრივი პოლიტიკა კანონით დადგენილ ფარგლებსა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაუქვემდებარონ; სახელმწიფომ ღიად დაუჭიროს მხარი რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიური პრაქტიკის სრულყოფილად განხორციელების მნიშვნელობას და მიმართოს ეფექტურ ზომებს მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ გამოხატვის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაპირისპირებული რელიგიური ჯგუფების ლიდერებს შორის შესანახების მიღწევას, რომელიც მშვიდობასა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის პრინციპს დაეფუძნება; სახელმწიფომ გააძლიეროს რელიგიური თვალსაზრისით შერეული ტიპის დასახლებებში ტოლერანტობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, მათ შორის განსაკუთრებულად ზოგადი განათლების სისტემაში.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალი პარასკევისთვის სახელმწიფო მიიღებს ადეკვატურ ზომებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიერ ერთობლივი ლოცვის მშვიდ და უსაფრთხო პირობებში აღვლენა. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება შეიმუშავებს ერთიან პოლიტიკას რელიგიური კონფლიქტის კერებში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად და ხელს შეუწყობს ადგილებზე მშვიდობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას,” _ ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.