ჩვენ ინგა ქარდავას გავესაუბრეთ:
_ წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ იყავით კოალიციის სენაკის შტაბის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი. რატომ დატოვეთ “ქართული ოცნება“ და რამ განაპირობა ახალი ორგანიზაციის დაარსება?
_ ჩემი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციაში მიმდინარე საეჭვო კოჰაბიტაციას უკავშირდება. ახალი ორგანიზაცია იმიტომ შევქმენით, რომ “ოცნებაში” გადაბარგებულ ყოფილ “ნაციონალებსა” და კოჰაბიტირებულ კლანებს ვებრძოლოთ. ამას კაცები არ აკეთებენ, ამიტომაც მხოლოდ ქალებმა ვიტვირთეთ ეს მისია და ჩამოვაყალიბეთ კიდევაც ქალთა ორგანიზაცია. გვინდა ობიექტურობამ იზეიმოს; არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ კოჰაბიტაციას დამნაშავეებთან. დღემდე ვიბრძოდით “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და კვლავ ვაგრძელებთ დამნაშავე რეჟიმთან შეურიგებლობას. გვინდა ყველას გავაგებინოთ და ვინც იცის რეაგირება მოვახდენინოთ _ სენაკს ისევ “ნაციონალური” ცა ახურავს. ერთ დროს „მოქალაქეთა კავშირიდან“ ნაციონალებში გადაბარგდნენ ოსტატურად და ყველაფერი შერჩათ, ახლა არ დავუშვებთ, რომ “ნაცებმა” “ოცნების” ქუდიც მოირგონ.
_ თქვენ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებთ. ეს ახალი ორგანიზაცია იწყებს შიმშილობას და რას მოითხოვთ?
_ დიახ, „ქალთა კავშირი“ გეგმავს უვადო შიმშილობის დაწყებას. ის, რაც ხდება სამეგრელოში, კერძოდ სენაკში, არის ამაზრზენი. მე დავუპირისპირდი სამეგრელო–ზემო სვანეთის სუს–ის უფროსის ხვიჩა ჯიშკარიანის დანიშვნას, რომელიც იყო გელა ხვედელიძის კადრი, რომელიც 2010 წლამდე იყო სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი. ჩემთვის ყველაფერი ცნობილია, რაც ხდებოდა მისი პოლიციის უფროსობის დროს. მე მასალას მივაწვდი ყველას, გადაამოწმონ ეს მასალა და დადონ დასკვნა. მე არა ვარ გამომძიებელი, რომ საქმე გამოვიძიო, საქმე გამოიძიოს კომპეტენტურმა ორგანომ. სწორედ იმისთვის, რომ ყურადღება მოგვაქციონ და ყურად იღონ ის ინფორმაციები, რომლებიც მაქვს, იძულებული ვართ პროტესტის უმაღლეს ფორმას მივმართოთ. სენაკის მაჟორიტარი, მისაბიშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვითომ დატოვა, მიშას ყურმოჭრილი ყმა იყო, ახლა ხიდაშელმა საგამოძიებო კომისიაში შეიყვანა. რა უნდა გამოიძიოს მისაბიშვილმა? ის, რაც მან ჩაიდინა იმ 9 წლის განმავლობაში რასაც აკეთებდა?! ამ კოჰაბიტაციას ნამდვილად ვერ შევეგუებით, მთელი სენაკი ამაზე ლაპარაკობს. ზოგიერთი პარლამენტარის ნათესავებთან ერთად კონოთეატრის წინ გამობრძანდება მისაბიშვილის სიძე და მისი ნაცამფსონები კაფე–ბარში „როტონდა“ დასხდებიან, იკრიბებიან და იქ წყდება სენაკის ბედი, ვინ სად უნდა დაინიშნოს.
_ როდის აპირებთ შიმშილობის დაწყებას? იქნებ ჯობდა მიგემართათ შესაბამისი ორგანოებისთვის განცხადებით?
_ განცხადებით მივმართავთ პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, პარალელურად, სუს–ს შენობის წინ შიმშილობის აქციას მოვაწყობთ, რომ ისევ ყურადღების მიღმა არ დარჩეს ჩვენი განცხადებები. მე მივეცი საშუალება სუს–ის უფროსს, ხვიჩა ჯიშკარიანს გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მას არ აქვს მორალური უფლება ეკავოს აღნიშნული თანამდებობა. ხვიჩა ჯიშკარიანი გელა ხვედელიძის კადრია და კანონიერად ის გელა ხვედელიძესთან ერთად უნდა წასულიყო სფეროდან. რადგანაც ასე არ მოხდა, “ქალთა კავშირის“ წევრები მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და ორშაბათს “სუს”-ის შენობის წინ უვადო შიმშილობას გამოვაცხადებთ. შიმშილობის დაწყებამდე კი, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ. კიდევ ერთხელ მივმართავ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირება მოახდინონ სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებზე.
_ შიმშილობის დაწყებას მარტო თქვენ აპირებთ?
_ მე მარტო არ ვარ. ახლად დაარსებულ “ქალთა კავშირში“ უკვე ასი ქალი გაწევრიანდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სამეგრელოში სიტუაციის შესაცვლელად.